თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების 80-წლიანი სამუზეუმო კოლექცია თბილისის საკრებულოს შენობაში დაიდებს ბინას

Cover Dolls 9x16 1 - თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების 80-წლიანი სამუზეუმო კოლექცია თბილისის  საკრებულოს შენობაში დაიდებს ბინას

„თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განთავსდება“, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება წელსვე დაიწყება, ხოლო მუზეუმის მოწყობის ხარჯები გათვალისწინებული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი  საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის  თაოსნობითა და საქართველოს მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით 1937 წელს, ათარბეგოვის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის შენობაში დაარსდა.

მუზეუმს საფუძვლად დაედო თინათინ თუმანიშვილის მუზეუმისთვის უსასყიდლოდ გადაცემული თოჯინებისა და სათამაშოების კოლექცია, საგვარეულო ნივთები და ბიბლიოთეკა.

მუზეუმი 1958 წელს მოსწავლე ახალგაზრდობის (მაშინდელ პიონერთა) სასახლეში გადავიდა, 1986 წლიდან კი ბინა დაიდო შავთელის ქუჩაზე მდებარე შენობაში. მუზეუმი დამთვალიერებებლთან და უამრავ მნიშვნელოვან ექსპონატთან ერთად 2012 წლიდან ელოდებოდა ახალ შენობას.

თბილისის ცენტრში, საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსებულ თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს შემეცნებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისათვის.

მუზეუმის კოლექციაში დაცულია მხატვრული დედოფალები, მოძრავი მუსიკალური სათამაშოები, ეთნოგრაფიულ და თანამედროვე თემაზე შექმნილი სათამაშოები, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის დედოფალები, ფერწერული ტილოები, ხის ექსპონატები, იშვიათი წარმოების ავეჯი, საავტორო თოჯინები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნაქარგობების იშვითი კოლექცია და სხვა. მუზეუმთან წლების მანძილზე აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ცნობილ მხატვრებს, მწერლებს, მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს: ლ. გუდიაშვილს, ე. ახვლედიანს, ვ. სიდამონ-ერისთავს, მ. თოიძეს, უ. ჯაფარიძეს, ს. ჯანაშიას, ვ. ბარდაველიძეს, ე. ხარაძეს, შ. დადიანს, ი. გრიშაშვილს, ლ. ქიაჩელს და სხვებს.

მუზეუმის ფონდში დაცულია სხვადასხვა ტიპის ტიპოლოგიური მასალა და ავტორთა ნამუშევრები, მათ შორის: ქართული ხალხური დედოფალები, ეთნოგრაფიული  მასალა, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ავთო ვარაზის, ნინო ბრაილაშვილის, ნინო ბელიაევას, რაფიელ  ბეგთაბეგიშვილის, თამარ კვესიტაძის, ირმა ქააძის, ანა გაბრიაძის და სხვათა ნამუსევრები, ასევე მექანიკური და მუსიკალური საკრავები, ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული და სხვადსხვა ქვეყნის საკოლექციო თუ საავტორო კოლექციები.

თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება წელს დაიწყება. შემდეგი 2023 წლის ბიუჯეტში კი მუზეუმის მოწყობის ხარჯები იქნება გათვალისწინებული. მუზეუმი მთლიანად იქნება ადაპტირებული და ხელმისაწვდომი სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის. თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი თანამედროვე მუზეუმისთვის საჭირო მოთხოვნებს უპასუხებს.

Cover Dolls 9x16 1 1024x576 - თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების 80-წლიანი სამუზეუმო კოლექცია თბილისის  საკრებულოს შენობაში დაიდებს ბინას