ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ეხმიანება მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს თემატიკას „მუზეუმების ძალასა“ და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, მუზეუმების ერთი-ერთი პოტენციალის, განათლების საშუალებით, საზოგადოების განვითარების ძალის განსაზღვრას (მუზეუმები კოლექციებისა და პროგრამების საშუალებით ქმნიან სოციალურ ქსოვილს, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ყველასთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის მიცემით, ისინი ხელს უწყობენ ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.) და აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტორიას კვირეულის ფარგლებში სთავაზობს:
18 მაისს – მუზეუმში ცხადდება ღია კარის დღე და დამთავლიერებელს ექსკურსიების პარალელურად შეეძლებათ თავისუფალი მონაწილეობა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
„მუსიკა ილიას სახლში“, „ქალები წარსულიდან“, „მარკების საიდუმლო ენა“.
ასევე 18 მაისს, 19:30:00 საათიდან – 02:00 საათამდე მოეწყობა „ღამე მუზეუმში“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია:
- 19:30კლასიკური მუსიკის კონცერტი ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მევიოლინეთა ანსამბლის „სიმი“ და კლასიკური ვოკალის სტუდიის აღსაზრდელების მონაწილეობით;
- 21:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება „ტანგოს საღამო“ არგენტინული სოციალური ტანგო – „ტანგო აკადემიის“ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
19 მაისს – მუზეუმი გთავაზობთ „ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექციას თემაზე „ილია ჭავჭავაძის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში“
„ხუთშაბათობების“ ტრადიციის აღდგენა
ცნობილია, რომ ელისაბედ საგინაშვილისეულ სახლს, XIX საუკუნის მიწურულს, ილია ჭავჭავაძემ საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქცია შესძინა და მნიშვნელოვან კულტურულ კერად აქცია, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოშო პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები. სწორედ ამ სახლში ეყრებოდა საფუძველი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებებს. ამ შეკრებების ერთ-ერთი დამკვიდრებული ფორმა იყო ტრადიცული „ხუთშაბათობები“, რომელზეც თავს იყრიდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები და მსჯელობდნენ ერის განვითარებაზე, ქვეყნის მომავალზე, ეპოქალურ მოვლენებზე და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი იწყებს „ხუთშაბათობების“ ტრადიციის აღდგენას, რომლის ფორმატი მოიცავს XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლსა და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებზე თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების მონაწილეობით საჯარო ლექციებს.