თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში (გ. ჩუბინაშვილის ქ. N22) 2021 წლიდან მიმდინარეობს სახლ-მუზეუმის კვლევითი, გეოლოგიური და სარესტავრაციო პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.
2022 წლის გაზაფხულიდან კი, დაიწყება სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები და სარესტავრაციო პროცესი.
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1956 წლის 3 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე დაარსდა და 1957 წლის 22 ოქტომბერს გაიხსნა.
მუზეუმის თბილისში დაარსების ინიციატორი სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად გიორგი ლეონიძეც იყო. 1900-იან წლებში ილია ჭავაჭავაძემ ანდრეევის ქუჩაზე (დღევანდელი გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22) გაბრიელ და ბარბარე ღვინიაშვილისაგან (აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მეუღლის ნინო ღვინიაშვილის დედ-მამისაგან) შეიძინა ეზო და პატარა ერთსართულიანი სახლი, რომელსაც ადრინდელი მფლობელი სათავსოდ იყენებდა.შენობას თავდაპირველად მომცრო ზომის ოთახები ჰქონდა.
შემდეგში ილიამ ფასადის გალამაზებისა და გაფართოების მიზნით, XIX საუკუნის ცნობილი არქიტექტორის, სიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით სახლზე მიაშენებინა ორი ოთახი შემოსასვლელი ფასადით. ერთში სამუშაო ოთახი მოაწყო, მეორეში კი – სასტუმრო. სახლის მშენებლობას უძღვებოდა მშენებელ-ინჟინერი იაკობ ფრანგიშვილი.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2007 წლის 1 ოქტომბრის N 3/181 ბრძანება).
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მათი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი 2016 წლიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.