თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში 2017 წელს დაწყებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. 2019-2020 წლებში კი, მიმდინარეობდა სამუზეუმო სივრცეების, მემორიალური ოთახების, ექსპონატებისა და ეპოქალური ნივთების რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი.
2021 წლის 24 სექტემბერს დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ისტორიულ შენობაში განხორციელდა:
– შენობის კონსტრუქციული გამაგრება
– ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია
– სახურავის დემონტაჟი, რომლის შემდეგაც მოეწყობა ახალი გადახურვა
– სართულშუა გადახურვების მოწყობა
– შიდა სივრცეების მომზადება სარესტავრაციოდ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შენობის გათბობა-გაგრილების, სუსტი დენების, სახანძრო სისტემების, ელექტრო მოწყობილობები და ლიფტები დამონტაჟდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდის გამდიდრების მიზნით, საქართველოს ეროვნული არქივიდან შეძენილ იქნა ილია ჭავჭავაძის იკონოგრაფიული და დოკუმენტური, ასევე რარიტეტული მასალები.
რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური ოთახი, სადაც აღდგენილია ავთენტური ჭერი და იატაკი. მემორიალური სივრცეების მოწყობა გულისხმობს სამუზეუმო სივრცეთა მემორიალურ დარბაზებში ეპოქალური კონტექსტის მოწყობას, როგორც მემორიალური და ეპოქალური ნივთებით, ისე სხვადასხვა ეპისტოლარული მემკვიდრეობით მიღებული ინფორმაციით.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მათი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. ამასთან, აქ იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.
მუზეუმების გაერთიანების მისია – ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის ერთიანობა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოვონ თავიანთი თვალსაწიერი და პრიორიტეტად, კოლექციასთან ერთად, დამთვალიერებელი აქციოს.