24 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი იხსნება

1 24.09.2021 - 24 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი იხსნება

თბილისის მუზეუმების გაერთიანების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის 24 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიხსნება.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, 2017 წელს დაიწყო.

სამი წლის განმავლობაში ჩატარდა მასშტაბური სამუშოები: ისტორიული შენობის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია, შენობის ავთენტური ინტერიერის აღდგენა, შიდა ეზოს კეთილმოწყობა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის გამართვა, თანამედროვე საგამოფენო სივრცეების მოწყობა, მემორიალური დარბაზების რესტავრირება და სხვ.

მუზეუმში ეპოქალური შესაბამისობის გათვალისწინებითა და ეპისტოლარული მემკვიდრეობით გადმოცემული აღწერილობით განახლებულია საგამოფენო და მემორიალური სივრცეები, სამუზეუმო საფონდო მასალებითა და ეპოქალური ნივთებით.

რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახები, სადაც აღდგენილია ავთენტური კედლები და ჭერი; მუზეუმი სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;

მუზეუმში, გარდა მემორიალური და საგამოფენო სივრცეებისა, მოწყობილია სამკითხველო. ასევე, საგანმანათლებლო, სამუშაო და საბიბლიოთეკო სივრცეები.

ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, 1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამ სახლში იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. აქ იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.