ზაქარია ფალიაშვილის „მესა“ – გამოცემის წარდგენა

1 მესა - ზაქარია ფალიაშვილის „მესა“ – გამოცემის წარდგენა
თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის შედეგად, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცული ერთადერთი ქართული მესა და მის ირგვლივ ჩატარებული მრავალპროფილური კვლევა ერთ გამოცემად გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც 21 მაისს თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესიაში, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
მდიდარი ფოტომასალა და ავტორთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები მოგვითხრობს დიდი კომპოზიტორის ცხოვრების ღირსშესანიშნავი ფაქტების, შემოქმედებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და მსოფლმხედველობის შესახებ.
გარდა დიდი კომპოზიტორის შემოქმედების შესწავლისა, განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც იძენს ქართული კულტურის მრავალპლასტიანობისა და ტოლერანტობის შესწავლის საქმეშიც; შეუძლებელია, საქართველოს წარსულისა და ისტორიის შესწავლა-ანალიზი საქართველოში მოღვაწე კათოლიკეების გარეშე.
გამოცემა ეძღვნება ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკომ) 2020-2021 წლების საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.