წმიდა საყდრის დესპანი, კანცლერი და ატაშე კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს ესტუმრნენ

DSCF8813 scaled - წმიდა საყდრის დესპანი, კანცლერი და ატაშე კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს ესტუმრნენ
25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს წმიდა საყდრის დესპანი, დიპლომატიური კორპუსის დუაიანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური, წმიდა საყდრის კანცლერი საქართველოში მონსინიორ ჯუზეპე ლატერცა და ატაშე ჯაბა გაბიტაშვილი ესტუმრნენ.
 
სტუმრები გაცნენ მუზეუმის საგამოფენო კონცეფციას, რომელიც არის მცდელობა აღადგინოს ოთხმოციანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში.
 
სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული თავისუფლებისთვის მებრძოლი მხატვრის, სოსო წერეთლისა და ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, კონსტანტინე წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ხელნაწერები, ფოტომასალა, სოსო წერეთლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, კოტე წერეთლის ბიბლიოთეკა და ნაშრომები.
 
სტუმრებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ, უმასპინძლა.