თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 8 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, დირიჟორის ვახტანგ ფალიაშვილის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიამართა.
ვახტანგ ფალიაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურისა და ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების გავრცელებასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ვახტანგ ფალიაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერების „დაისისა“ და „აბესალომ და ეთერის“ დადგმა.
საიუბილეო საღამოს გაუძღვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი გივი მუნჯიშვილი.
დიდი დირიჟორის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მუსიკათმცოდნეებმა ელდარ გეწაძემ, ლიანა კალმახელიძემ და მონოგრაფიის – „ვახტანგ ფალიაშვილი“ – ავტორმა მედეა ქელბაქიანმა.
შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა და თბილისის სახელმწიფო ოპერის სოლისტებმა გამართეს კონცერტი.