საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“

19 20 სექტემბერი კონფერენცია - საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო და XX საუკუნე“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 19 და 20 სექტემბერს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაძალადევის მედიათეკაში მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველო და XX საუკუნე“.
კონფერენციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს მეოცე საუკუნის კულტურა და ხელოვნება განსხვავებული სახელებითა და ფაქტებით, ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტებში და იკვლიოს პარალელური კულტურული პროცესები.

კონფერენცია მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტის ნაწილია და სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს.
ორნაწილიანი პროექტის პირველი ნაწილი 2019 წლის დასაწყისიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანისა და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმებში მიმდინარეობდა კალენდარული თვის ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ და „მესამე წახნაგი“. მეორე ნაწილი კი საერთაშორისო კონფერენციაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მკვლევარები პოლონეთიდან და თურქეთიდან.

მეოცე საუკუნეში ხელოვნება მკაცრ იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოექცა. თუმცა დიქტატურისა და უმძიმესი იდეოლოგიური წნეხის პირობებში, საბჭოთა საქართველოში მაინც იკვეთებოდა ეროვნულ ძირებზე დამყარებული კულტურული ცხოვრება – თეატრი, მხატვრობა, ლიტერატურა თუ ხელოვნების სხვა დარგები.
ტრადიცული სამუზეუმო ცხოვრება ეპოქისა და კონტექსტის ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია. მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნება სხვადასხვა საკვლევ მიმართულებას მოიცავს, რომელიც ეპოქასთან, კულტურულ და სოციო-პოლიტიკურ გარემოსთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“ ეფუძნება რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს. მომხსენებლები ისაუბრებენ და გაგვაცნობენ გასული საუკუნის, ზოგადად ეპოქისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედებას ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში, რომელიც საჯაროს გახდის XX საუკუნის კულტურაში მიმდინარე პროცესებს.
კონფერენციის მასალები გამოიცა კრებულად. კონფერენციის გახსნისას გაიმართება გამოცემის პრეზენტაცია.