იქნებ სულ ტყუილად ვწუწუნებთ ჩვენი რუტინული ცხოვრებისა და მოწყენილობის გამო? იქნებ სწორედ ისაა ნამდვილი შემოქმედი, ვინც შთაგონებას ყოველდღიურ ცხოვრებასა და ისეთ ტრივიალურ საგნებშიც კი ხედავს, როგორიცაა ასანთიან საქარე მინის საწმენდი?
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეხვედრების ციკლის “მეტაფორების სამყაროში” მორიგი შეხვედრა “ინსპირაცია, როგორც ცხოვრების მეტაფორა” (ჯიმ ჯარმუშის ფილმის „პატერსონი“ მიხედვით) გაიმართა. საღამოს უმასპინძლა მთარგმნელმა და მკვლევარმა დალილა გოგიამ.
ამერიკელი რეჟისორისა და სცენარისტის ჯიმ ჯარმუშის ფილმის “პატერსონი” პრემიერა 2016 წლის კანის კონოფესტივალზე შედგა. ფილმი ავტობუსის მძღოლის ისტორიას მოგვითხრობს. პატერსონი ახალგაზრდა მამაკაცია და ცოლთან ერთად ნიუ ჯერსის პატარა, წყნარ ქალაქში ცხოვრობს, რომელსაც ასევე პატერსონი ჰქვია. ის დილიდან საღამომდე ავტობუსით დადის ქალაქის გარშემო და მის ბინადრებს დაატარებს. პატერსონის ყოველდღურ მკაცრ და მოსაწყენ რუტინას მისი პოეზიისადმი გატაცება აბალანსებს. ავტობუსის მართვისას გაჩენილ იდეებს და ფრაზებს ის პატარა წიგნაკში ინიშნავს და ლექსებად აქცევს, თუმცა, მათი გასაჯაროვება და გამოცემა არ უნდა. ცოლის დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ, რომ იქნებ ლექსების კოპიები მაინც გააკეთოს, პატერსონი ჰპირდება, რომ უიკენდზე მიხედავს ამ საქმეს. სწორედ აქ დგება ფილმის გარდამტეხი მომენტი, როცა პატერსონს მოუწევს, გაიაზროს, რას ნიშნავს რეალურად მისთვის პეოზია და რამდენად ძვირფასია ეს გზადაგზა გაკეთებული ჩანაწერები მის ცხოვრებაში.
იქნებ, პროზაული, ანუ სტაბილური, მოწესრიგებული და არა რომანტიული ცხოვრება თავადაა პოეზია და პოეზიის შთაგონების წყარო? იქნებ დღეს და ახლა უნდა გვიყვარდეს, წარსულის რომანტიზირებისა და და მომავლის გეგმების დასახვის, ერთმანეთის პირადი სივრცის დარღვევის გარეშე? იქნებ დრო მართლაც მეოთხე და ყველაზე სასიამოვნო განზომილებაა, და ჩვენ ფეხსაცმლის ყუთში გამომწყვდეულად არ უნდა ვიგრძნოთ თავი? ამ საინტერესო თემებზე ისაუბრა სააღამოს სტუმარმა დალილა გოგიამ.
დალილა გოგიას ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი აქვს ისეთი მწერლების პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, როგორებიც არიან – ჯონ აპდაიკი, ტედ ჰიუზი, მარგარეტ ეტვუდი, ლორენს ფერლინგეტი, ენ სექსტონი, ალან გინსბერგი, ჩაკ პალანიკი, რონ პეჯეტი, ბილი კოლინსი და ა.შ. მისი თარგმანები და სტატიები დაბეჭდილია სხვადსხვა ლიტერატურულ გამოცემებში. არის სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალებისა და ვორქშოფების მონაწილე.