თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ახალი გამოცემა “წერილები წარსულიდან” წარადგინა.
„წერილები წარსულიდან“ – სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალების ერთობლიობაა. გამოცემაში გამოყენებულია საარქივო მასალები და საზოგადო მოღვაწეთა დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან.
გამოცემაში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების პირადი წერილები, რომლებიც პირადული მიმოწერის შინაარსს სცდება და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. მათი გაცნობისას, მკითხველი უკავშირდება ეპოქას, იაზრებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტს, ადამიანების პირად თავგადასავლებს, რწმენა-წარმოდგენებს, გონებრივ და ემოციურ თავისებურებებს, დამახასიათებელ ენობრივ სტილს და აცოცხლებს სამუზეუმო ექსპონატებს.
წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გამოცემების ხილვა თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთობლივ საგამოფენო სტენდზე იყო შესაძლებელი. ასევე გამოცემები: “ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და შემოქმედება”, “თოჯინების და სათამაშოების კოლექცია-ალბომი”, “გალაკტიონი და თბილისი”, “წერილები წარსულიდან”, სამაგიდო თამაში “ფლირტი” წარმოდგენილი იყო გამომცემლობა “სეზანისა” და წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” სივრცეებში.