შიო არაგვისპირელის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

.jpg - შიო არაგვისპირელის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო-არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაცის იწყებს. თბილისში, გ. ჩუბინაშვილის №13ა-ში მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. მას საინტერესო ისტორია გააჩნია. შიო არაგვისპირელის ოჯახს თბილისში საკუთარი სახლი არ ჰქონია.  სახლი, რომელშიც ის ოჯახით 1910 წლიდან ცხოვრობდა (მეუღლე და ოთხი შვილი) ეკუთვნოდა ეროვნებით გერმანელს, ვინმე ფონ კრიტს.  სახლი ერთსართულიანია, ეზოთი. სახლის მეპატრონეები სარგებლობდნენ როგორც ცენტრალური შესასვლელით, ასევე შესასვლელით ეზოს მხრიდან. სახლის მეპატრონე ოთახებს აქირავებდა. ოჯახს სხვა შემოსავალი ჰქონდა თუ არა უცნობია. საყურადღებო ფაქტია, რომ ამ სახლში აგრეთვე ცხოვრობდა ფონ კრიტის დისშვილი-იური ეფრემოვი.

მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში. იგი  დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად. შენობა გამარჯვებულ კომპანიას 2019 წლის 10 მაისს გადაეცა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. შესაბამისად, სივრცეში დაიწყო დემონტაჟი და დაიცალა ძველი სტენდებისგანაც.

პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნას დაცული როგორც ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. მუზეუმში შენარჩუნებული იქნება ავთენტური კედელი და საბუხრე. პროექტი ასევეითვალისწინებს შენობის ადაპტირებას.

სამუშაოები დასრულდება 4 თვეში, რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტის ავტორთა ჯგუფი და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური. პროექტი მომზადებულია შ.პ.ს. „მერკური+“- ის მიერ. ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის შიო არაგვისპირელის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის ხარჯთაღიცხვა და ექსპერტირების ანგარიში  მომზადებულია შპს „მშენ ექსპერტის“ ჩართულობით. სამუშაოებს აწარმოებს შპს „ლინა“ .