თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ი. ჯავახიშვილის N 7) თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძისს ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მათი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. ამასთან, აქ იყო მოთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.
ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“.
აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.
ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის განსაკუთრებული გააქტიურება და ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.
სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამით ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს: – შენობის კონსტრუქციული გამაგრება – ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია – სახურავის დემონტაჟი, რომლის შემდეგაც მოეწყობა ახალი გადახურვა – სართულშუა გადახურვების მოწყობა – შიდა სივრცეების მომზადება სარესტავრაციოდ. სამუშაოებს კომპანია „იკორთა 2007“აწარმოებს.