თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 21 დეკემბერს გაიმართა საჯარო ლექცია „გალაკტიონ ტაბიძე და იოსებ გრიშაშვილი“. საღამოს მასპინძლობდა მწერალი ვახტანგ ჯავახაძე.
იოსებ გრიშაშვილი გალაკტიონზე ორი წლით უფროსი იყო. როდესაც გალაკტიონმა პირველი ლექსები გამოაქვეყნა გრიშაშვილი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ და მიმოწერა ჰქონდათ.
1911 წელს გრიშაშვილმა სამი ლექსი და პოემა მიუძღვნა გალაკტიონს. იოსებ გრიშაშვილს ისე მოეწონა გალაკტიონის ერთი პირადი წერილი, რომ თავის მინიატურებშიც შეიტანა და გამოაქვეყნა.
გალაკტიონი გრიშაშვილს მეგობარს უწოდებდა, მაგრამ ეს მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
1914 წელს, როდესაც გალაკტიონმა პირველი წიგნი გამოსცა, გრიშაშვილისადმი მიძღვნილი არც ერთი ლექსი და პოემა არ შეიტანა. ამის შემდეგ მათი შეხვედრები ეპიზოდურად გრძელდებოდა.