II საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

43582827 742907656045410 7869940838732660736 o - II საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 15, 16 და 17 ოქტომბერს უმასპინძლა მეორე საერთაშორისო კონფერენციას – „სემიტოლოგიური ძიებანი“.

კონფერენცია ეძღვნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას.

კონფერენცია პირველად 2017 წელს ჩატარდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა ფართო აუდიტორიის წინაშე, რომ სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერების მიზნით, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გეგმავდა ტრადიციის გაგრძელებას და მუზეუმის ბაზაზე კოტე წერეთლის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დაარსებას.

2018 წლის 5 თებერვალს კი თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ სწორედ ამ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსება ამცნო საზოგადოებას. ცენტრის მთავარი მიზანი ქართული სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მსოფლიო მასშტაბით.

წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 5 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი, გერმანია, რუსეთი, ერაყი) ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგში მოღვაწე მეცნიერებმა. კონფერენციის გახსნას დაესწრო ისარელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური.