გრიგოლ ორბელიანისადმი – ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები

DSC 0009 - გრიგოლ ორბელიანისადმი - ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები

საყუარელო ძმაო გრიგოლ, დამნაშავე ვარ შენთან დიდი, მაგრამ შენ რომ ჩემს ადგილს იყო, აღარ გამამტყუნებ. დიმიტრიევსკის ლექსები გეთხოვნა , მთელი ქალაქი სულ შევაჯერე და ვერსად ვერ ვიშოვნე. ნოტები ხომ თავის დღეშიაც არ ყოფილა. შევიტყვეთ, რომ თურმე фრანციულს ჰსწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: ,,სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო!” რაზღოვორს და ღრამმატიკას დამპირდა ერთი ჩემი ნაცნობი, ჯერ არ მოუტანია. ამას ვუცდი, თუარემ აქამდისინ გამოგიგზავნიდი. თუ ქალაქის ამბავი გინდა, ჰსწორე გითხრა, ბევრი ჭორიანობაა და ჭირიანობა. ორივ ერთია, მაგრამ ჭირი ტყუილია ამ ელად და ჭორი კი – მართალი. 

დიდი დაძგერებაებია ქალებისა, დიდი აყალ-მაყალი, დიდი ტირილი, დიდი ღამის თევები, დიდი წვეულებაები ერთმანერთის ჯავრით. დაწვრილებით მოგწერდი ყოველს ფერს, მაგრამ კვლავ იყოს როცა მოცლით ვიქნები. ამ ამბავს დიდი აწერა უნდა. ამ წიგნსაც საჩქაროთ ვწერ პალატაში. ჩვენც ახალს სახლებში გადავედით, ანჩისხატის უბანში, უწინ აფხაზი იდგა.

ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა: კიპიანმა გადმოთარგმნა ”Ромео и Джулиетта”, შეკსპირის ტრაღედია, და მე ვთარგმნე ”Юлий Тарентский”, ტრაღედია ლეიზევიცისა, თუ წაგიკითხავს, ბიბლიოტეკაში იყო დაბეჭდილი. მე ძალიან მომეწონა და ჩვენმა განათლებულმა ქალებმაც, ასე გასინჯე, იტირეს.

მაიკო ძალიან გვწყევლის, არ ვიცი, რა მოგიწერია. – ბალაშოვის სიკვდილს აქ ასე გლოვობენ, რომ ეს არის შავები არ ჩაუცვიათ, თორემ სხვა აღარა აკლიათ რა.

სხვა? სხვა ელად ეს იყოს. ნუ კი შემომწყრები. 

შენი მარად და მარადის იქითაც

ნიკოლაი

წელსა 1841-სა, მაისის 28-სა დღესა, ქ.ტფილისი.

 

* გრიგოლ ორბელიანისადმი ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩვენამდე მოღწეული 8 წერილიდან მხოლოდ ორ ადრეულ (1831 და 1837 წლების) წერილში მიმართავს მას პოეტი, როგორც ბიძას, მომდევნო წლების წერილებში კი მიმართვის ფორმა შეცვლილია. ,,საყვარელო ძმაო გრიგოლ” – ასე იწყება ისინი, ხელს კი შემდეგნაირად აწერს: ,,შენი მარადის და მარადის იქითაც ნიკოლაოზ”, ,,მარად შენი ერთგული ნ.ბარათოვი”, ,,შენი მარად ერთგული ძმა ნიკოლოოზ ბარათაშვილი”…