კაცია ადამიანი?!

e18399e18390e183aae18398e18390 e18390e18393e18390e1839be18398e18390e1839ce18398 e183b0e18394e1839ce183a0e18398e18399 e183b0e183a0 - კაცია ადამიანი?!

მუზეუმების გაერთიანების თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცულია უნიკალური ექსპონატი-ილია ჭავჭავაძის -,,კაცია ადამიანი?!” ფრანგული თარგმანის ეგზემპლარის ფოტოპირი. თარგმანი შესრულებულია ფრანგი მეცნიერის, ევროპული ქართველოლოგიის ფუძემდებლის მარი ბროსეს მიერ. როგორც ჩანს, თარგმანი სამუშაო ვარიანტია, რადგან მისი ზოგიერთი გვერდის არშიაზე სავარაუდოდ, მთარგმნელის შენიშვნებია მონიშნული, ქართული სიტყვები ან განმარტებები ფრანგულ ენაზე. მარი ბროსეს მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის -,,კაცია ადამიანი?!” ავტოგრაფის ფოტოპირი მუზეუმს გადმოეცა 1959 წელს მაშინდელი ლენინგრადის (ამჟამად პეტერბურგის) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილებიდან.

1876 წელს, 26 ნოემბერს გაზეთ ,,დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია: ,,ჩვენ გვითხრეს, რომ სანპეტერბურღის სამეცნიერო აკადემიის წევრი უფ. ბროსსე, რომელიც ასე მცოდნეა საქართველოს ისტორიისაა და ლიტერატურისა, ამჟამად თ. ილია ჭავჭავაძის შესანიშნავ მოთხრობას ,,კაცია ადამიანს” სთარგმნის ფრანცუზულს ენაზედ და აბეჭდინებს”. ილია ჭავჭავაძე დაინტერესდა მოთხრობის თარგმანის ბედით და ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ბაქრაძის მეშვეობით ევროპელ ქართველოლოგს დახმარება შესთავაზა მისი მოთხრობის თარგმნის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გარკვევაში.

ცნობილია, რომ მარი ბროსე მაღალ შეფასებას აძლევდა ილია ჭავჭავაძის ხსენებულ მოთხრობას. 1877 წლის 16 აგვისტოს მან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე ქართული ლიტერატურის შესახებ მოხსენება წაიკითხა და განაცხადა: ,,კაცია ადამიანი?! მშვენივრად დაწერილი, იუმორით გაჟღენთილი, ზნეჩვეულებათა ამსახველი ნაწარმოებია”.

ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა მარი ბროსეს ღვაწლს ქართული ისტორიოგრაფიის შესწავლის საკითხში, პატივს ცემდა მეცნიერს ,,რომელსაც დიდი სამეცნიერო შრომა მიუძღვის ჩვენის მხატვრის წინაშე. ევროპელთაგან მან პირველმა აიღო ჩვენის ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა სამეცნიეროდ შესწავლის სპეციალურ საგნად და დაიპყრო მთელის განათლებულ ქვეყნების მეცნიერთა ყურადღება” (,,ივერია”, 1902 წ. 3 მარტი).

ილია ჭავჭავაძე ღრმა მწუხარებით შეხვდა ცნობას მარი ბროსეს გარდაცვალების შესახებ (გარდაიცვალა 1980 წ. 20 აგვისტოს). 1880 წლის 2 სექტემბერს პირველი ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ ,,დროებაში”, ხოლო 4 სექტემბერს ილიასვე ინიციატივით თბილისში, სიონის ტაძარში გადახდილ იქნა მარი ბროსეს პანაშვიდი.

ილია ჭავჭავაძის წინადადებით მარი ბროსეს სახელის უკვდავსაყოფად ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქალაქის თვითმმართველობას სთხოვა თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ეწოდებინათ მარი ბროსეს სახელი, წარჩინებული სტუდენტისათვის შემოეღოთ მარი ბროსეს სახელობის სტიპენდია და დაედგათ ძეგლი. ამ თხოვნის პასუხი იყო ის, რომ ბროსეს სახელი დაერქვა თბილისში ,,ვოდოვიჩნის ქუჩას”, რომელსაც დღესაც ატარებს, ხოლო, რაც შეეხება ძეგლს … დაიდგა 2016 წელს დედა-ენის ბაღში.