არლეკინის ამბავი

CS0A8077 - არლეკინის ამბავი

80 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის (1892-1966 წწ.) თაოსნობითა და საქართველოს მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით 1937 წელს, ათარბეგოვის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის შენობაში საბავშვო სათამაშოების მუზეუმი დაარსდა.

მუზეუმი 1958 წელს მოსწავლე ახალგაზრდობის (მაშინდელ პიონერთა) სასახლეში გადავიდა, 1986 წლიდან ბინა შავთელის ქუჩაზე მდებარე შენობაში დაიდო, ხოლო 2012 წლიდან აღმაშენებლის გამზირის 103-107-ში განთავსდა.

წლების განმავლობაში თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ცნობილ მხატვრებს, მწერლებს, მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს: ლ.გუდიაშვილს, ე.ახვლედიანს, ვ.სიდამონ-ერისთავს, მ.თოიძეს, უ.ჯაფარიძეს, ს.ჯანაშიას, ვ.ბარდაველიძეს, ე.ხარაძეს, შ.დადიანს, ი.გრიშაშვილს, ლ.ქიაჩელს, და სხვ.

თინათინ თუმანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა ეთნოგრაფიულ შემოქმედებით ექსპედიციებს საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში. მან ჯერ კიდევ მუზეუმის გახსნამდე შეუკვეთა მხატვარ-ეთნოგრაფს ქართული მხატვრული დედოფალები: ,,მანანა”, ,,ეკა”, ,,პეტკა” და მხატვარ ბელიაევას ,,კაცია-ადამიანის?!” პერსონაჟები ,,ლუარსაბი და დარეჯანი”. მომდევნო პერსონაჟები ,,ლამაზისეული და ელისაბედი” მუზეუმის გახსნიდან მომდევნო წლებში შეიქმნა.

მუზეუმში დაცულ თითეულ ექსპონატს განსაკუთრებული ისტორია აქვს და საქართველოს გარდა, ისინი 40 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

თოჯინა ,,არლეკინი” 30-იანი წლების მეორე ნახევარში შეუძენიათ თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმისთვის.  ,,არლეკინი” მოძრაობდა, უკრავდა და ენას ყოფდა. თუმცა, მის პირვანდელ მფლობელს როგორც ჩანს აღიზიანებდა ეს ფაქტი და თოჯინისთვის ენა მოუჭრია. თოჯინა XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში, ცნობილი მუსიკალურ-მექანიკური სათამაშოების მწარმოებლის, ლეოპოლდ ლამბერის საწარმოშია დამზადებული.  როდესაც ფილმ ,,არ დაიდარდოს” იმ ეპიზოდს იღებდნენ, სადაც ბენჟამენ ღლონტი გენერალ ვამეხ ვახვარს ეწვევა, პიონერთა სასახლეში. აქ იყო განთავსებული თოჯინების მუზეუმიც და სწორედ აქედან მოხვდა ,,არლეკინი” ფილმში და ერთ-ერთ ცნობილ თოჯინად იქცა. გარდა ,,არლეკინისა”, ფილმში მოხვდა მუზეუმში დაცული სადაფით ინკრუსტირებული ბული, – საბუთების შესანახი პატარა კარადა. ბული როცა იყიდეს მუზეუმისთვის, ერთი შავი კარადა ყოფილა. პატრონს, ეს ფუფუნება რომ დაემალა, შავად შეუუღებავს. ექსპონატს პირვანდელი სახე მხოლოდ წლების შემდეგ, რესტავრაციის შედეგად დაუბრუნდა.

1996 წელს თოჯინების მუზეუმიდან ,,არლეკინი” და სხვა  5 უნიკალური მექანიკური სათამაშო გაუჩინარდა.

2018 წლის 18 მაისს თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მეთოჯინე ნანა ბედიაშვილმა თბილისის მუზეუმების გაერთიანების თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს მის მიერ შექმნილი თოჯინა ,,არლეკინის” ასლი უსახსოვრა.

,,თოჯინა ,,არლეკინს” ძალიან ბევრი კინომოყვარული იცნობს, ის ფილმ ,,არ დაიდარდოში” იყო გადაღებული. ნამდვილი ,,არლეკინი” მუზეუმიდან დაიკარგა. ფილმის მიხედვით ფერები აღვიდგინე და ვეცადე, მისი ასლი შემექმნა.” ამბობს ნანა ბედიაშვილი.

ნანა ბედიაშვილი პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტია, ცვილისგან თოჯინებისა და ფიგურების გაკეთება 90-იან წლებში დაიწყო. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმში მისი რამდენიმე ნამუშევარი ინახება.