2018 წლის 18 მაისს, მუზეუმის ღამეს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას დაგეგმილი აქვს კომპლექსური ღონისძიება: ,,მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად’’
ღონისძიება მოიცავს:
- თეატრალიზებულ სანახაობას, რომელიც ეძღვნება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.
ღონისძიების მთავარი კომპონენტია თამაში – თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ექსპოზიციის აწყობა – დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს თამაშში თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ვირტულური ექსპოზიციის აწყობაში, წინასწარ საგანგებოდ გამართულ საგამოფენო სივრცეში.
- წიგნის ,,თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი“ პრეზენტაციას.
წიგნი, უნიკალური გამოცემაა. მასში თავმოყრილია მუზეუმში დაცული ექსპონატები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები, სათამაშოები და ისეთი ფაქტები, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. წიგნი ორენოვანია და ფერადი ილუსტრაციებით წარმოდგენილია მუზეუმის საცავებში დაცული კოლექციები. გამოცემა ეძღვნება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.
,,მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამშოებთან ერთად’’ დაესწრებიან: ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს მრავალწლოვანი ისტორია გააჩნია. საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის (1892-1966 წწ.) თაოსნობითა და საქართველოს მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით 1937 წელს, ათარბეგოვის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის შენობაში დაარსდა. მას შემდეგ მუზეუმმა რამდენჯერმე შეიცვალა შენობა, ჯერ 1958 წელს მოსწავლე ახალგაზრდობის (მაშინდელ პიონერთა) სასახლეში გადავიდა, 1986 წლიდან კი ბინა შავთელის ქუჩაზე მდებარე შენობაში დაიდო, ხოლო 2012 წლიდან აღმაშენებლის გამზირის 103-107.
„მუზეუმების ღამე“ პირველად 1997 წელს მოეწყო ბერლინში. შემდგომში მსგავსი აქციების ჩატარება ტრადიციად იქცა ევროპის 120 ქალაქში. ბერლინში მუზეუმების ღამე ყოველწლიურად ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) იმართება და ასობით მუზეუმი, არქივი, მემორიალური სახლი, გალერეა და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებები მრავალრიცხოვან აქტივობას სთავაზობენ სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელს. მათ შორისაა სპეციალური ტურები, ლექციები, მასტერ–კლასები, კინო–ჩვენებები, კლასიკური და ჯაზური მუსიკის საღამოები, თეატრალური პერფორმანსები და ბევრი ისეთი ღონისძიება, რომელიც, ჩვეულებრივ, მუზეუმის სამუშაო საათებში არ ეწყობა.
მსგავსმა კულტურულმა ღონისძიებებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრომ 2005 წელს „მუზეუმების ევროპული ღამე“ დააფუძნა, ხოლო 2011 წლიდან ევროპის 40 ქვეყნის 4000-ზე მეტი მუზეუმი ჩაერთო საერთაშორისო სამუზეუმო აქციაში, რომელსაც ორგანიზებას ევროპის საბჭო, UNESCO და ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) უწევენ. მუზეუმებისა და სხვა საგამოფენო სივრცეების რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ამგვარი აქციის მოწყობა მუზეუმების აუდიტორიის გაფართოებასა და მუზეუმის როლის, სამუზეუმო კოლექციებისა და, ზოგადად, სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები – ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“ ჰიპერდაკავშირებულობა – ტერმინი 2001 წლიდან დამკვიდრდა კომუნიკაციის იმ თანამედროვე მრავალმხრივ საშუალებათა აღსანიშნად, როგორიცაა პირისპირ კონტაქტი, ელ-ფოსტა, მესიჯების მყისიერი გაცვლა, ტელეფონი ინტერნეტი. კომუნიკაციის ეს გლობალური ქსელი დღითიდღე უფრო და უფრო რთული, მრავალფეროვანი და ინტეგრირებული ხდება. თანამედროვე სამყაროს ჰიპერდაკავშირებულობის ამ ტენდენციას უერთდებიან მუზეუმებიც. სწორედ ამიტომ აირჩია ICOM-მა 2018 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემად „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები – ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“. 2011 წლიდან ICOM მფარველობას უწევს ევროპის მუზეუმების ღამეს, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად, მუზეუმის საერთაშორისო დღის უახლოეს შაბათს. მიმდინარე წელს ევროპის მუზეუმების ღამე გაიმართება 2018 წლის 19 მაისს. საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ 2005 წელს დაფუძნებული ეს ღონისძიება მუზეუმებს შთააგონებს გახსნან თავიანთი კარები საზოგადოებისათვის უფასოდ ღამის 1:00 საათამდე. ღამის საათებში მუზეუმები ვიზიტიორებს წარუდგენენ თავიანთი კოლექციების უფრო კრეატიულ და სენსორულ მიდგომებზე დამყარებულ ახალ პერსპექტივებს.
ევროპის მუზეუმების ღამის აქტივობები: საგანმანათლებლო და კომენტირებული ვიზიტები, სათამაშო მარშრუტები, ვორკშოპები და მასტერ-კლასები, ვიდეო-პროექციები, დეგუსტაციები, ცოცხალი შოუ-წარმოდგენები, სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ფართო საზოგადოებას უქმნის სამუზეუმო გამოცდილების გაცნობისა და მასში ჩართულობის შესაძლებლობას. გასულ 2017 წელს ევროპის მუზეუმების ღამის აქციაში ევროპის 30 ქვეყნის 3800-ზე მეტი მუზეუმი მონაწილეობდა.