70 000 ფოტოსურათის მფლობელი რუბენ სტეფანეს აკოფოვი დაიბადა 1897 წელს ქალაქ გორში. 15 წლის ასაკიდან მუშაობდა სტამბაში, შემდეგ კი ,,კურიერ-კოპეიკა” და ,,ახალი ქართლის” გაზეთების რედაქციაში. 1930 წლიდან თავმჯდომარეობს საქართველოს ფეტოსექციას, სექცია აერთიანებდა ორასამდე ფოტოწრეს. 1932 წლიდან კი შემდგომი 26 წლის განმავლობაში გაზეთ ,,კომუნისტის” ფოტო-ჟურნალისტია. სწორედ ,,კომუნისტის” მივლინებით 1942 წელს კავკასიის ფრონტის წინა ხაზზე მიდის და იქმნება საინტერესო ფოტო-ალბომი. ასევე 1932 წლიდან 20 წლის მანძილზე თანამშრომლობდა ,,საიუზ ფოტოსთან”. მონაწილეობდა აღბულაღის (ამჟამინდელი თეთრიწყარო) რაიონის სოფელ წინწყაროს კოლმეურნეობის დაარსებაში.
,,მეტად საჭირო და მეტად კარგი საქმე უკეთებია უჩუმრად, ათეული წლების განმავლობაში ჩვენს ჟურნალისტს რუბენ აკოფოვს. ეს ალბომი უნდა გამოიცეს მასობრივი ტირაჟით, როგორც ქართულ, ისე რუსულ და უცხო ენებზეც. იგი დიდ სამსახურს გაუწევს არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ ჩვენს უცხო სტუმრებსაც, რომლებიც ახლა მსოფლიოს ყოველი კუთხიდან მოისწრაფვიან ჩვენი სამშობლოს გასაცნობად.” წერდა ირაკლი აბაშიძე.
რუბენ აკოფოვის ფოტოარქივი მოიცავს ძველი თბილისის ხედებს, ქალაქის განვითარების ამსახველ კადრებს, შეგროვებული აქვს მასალები ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, საიათნოვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიხეილ ლერმონტოვის და სხვ. შესახებ.
საინტერესოა, მკონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ აბაშიძის, აკაკი შანიძის, ნიკო კეცხოველის, ლადო გუდიაშვილის ჩანაწერები აკოფოვის ფასდაუდებელ შრომაზე, ქართული კულტურისათვის.
,,ეს არის ძვირფასი კოლექცია ქართული ძეგლების, კულტურის მოღვაწეებისა და სასურველია იგი სათანადოდ იქნას დაცული და მომავალი თაობებისთვის შენახული.” – გიორგი წერეთელი.