ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა.
„ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. არის კონკრეტული ოთახები, ადგილები, სადაც ავთენტურობა შენარჩუნებული იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება დედაქალაქში, როგორც ტურისტებისთვის, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. სამუშაოები ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ. პირველი ეს იყო ფასადის სამუშაოები, რომელიც დასრულებულია და ამჟამად, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისთვის – 8 ნოემბრისთვის, მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტი „იკორთა 2007“-ის ავტორობით მომზადდა. კონცეფცია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს, თბილისის განვითარების ფონდსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომლობით შემუშავდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე სარდაფები მიწის დანალექი მასებისგან დასუფთავდა, სარდაფების ღიობებში გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, შენობის დასავლეთ ფლიგელში რკინა-ბეტონის სვეტებისა და სართულშუა გადახურვის მონოლითური ფილები მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, შეიცვალა სახურავები და საწვიმარი მილები, ავთენტური სახით აღდგა შიდა ეზოს ფასადებზე ხის აივნები, მოეწყო შუშაბანდები და შეიცვალა ხის კარ-ფანჯარა. გარდა ამისა, გარე ფასადსა და შენობის პარაპეტებზე შეიცვალა დაზიანებული ნაძერწი დეტალები და სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და სოფიო ხუნწარია, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.
„პროცესი ერთი წელია მიმდინარეობს. არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი დასრულებულია. ამ დროისთვის, მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც შიდა ინტერიერის სრულ განახლებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, მუზეუმი ექსპლუატაციაში შესვლისთვის მზად იქნება. წლის ბოლოს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განახლებულ მუზეუმს მივიღებთ და ქალაქში კიდევ ერთი მიზიდულობის კერა დაგვემატება“, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.
გარდა მემორიალური სივრცეებისა, მუზეუმში იგეგმება 15 თემატური დარბაზის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება მემორიალური ნივთები, საგამოფენო ობიექტები, ნაბეჭდი მასალა და ინსტალაციები. ასევე, მოეწყობა დროებითი საგამოფენო დარბაზი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ტიპის საგამოფენო და სამეცნიერო ღონისძიებები. გარდა ამისა, მუზეუმში განთავსდება კაფე, საგანმანათლებლო სივრცე, სახელოსნო და სამუზეუმო მაღაზია.