ოლღა გურამიშვილის შუამდგომლობა სიკვდილით დასჯის შესახებ

OlghaGuramishvili - ოლღა გურამიშვილის შუამდგომლობა სიკვდილით დასჯის შესახებ

1913 წელს პეტერბურგში გამოვიდა გამოჩენილი რუსი სამართალმცოდნე  ნიკოლოზ ტაგანცევის ნაშრომი. ავტორი ნაშრომში განიხილავს რუსეთში სიკვდილით დასჯის ისტორიული განვითარების პროცესს. სწორედ ამ ნაშრომში შეიტანა მან ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას შუამდგომლობა სიკვდილით არ დაესაჯათ მისი მეუღლის – ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ,,სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა ჩემთვის და მთელი საქართველოსათვის ძვირფას ილია ჭავჭავაძის სამ მკვლელს. სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სულიერი ძალ-ღონე, ღვთის მიერ მასზე მოვლენილი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანურ გრძნობის, კაცთა შორის  სიყვარულის განმტკიცებას. მე ღრმად მრწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი, და თავის უბედურ, გზა-დაბნეულ ძმებად მიიჩნევდა. დღეს კი ჩემი ქმრის თხოვნა საქართველოს ერის სულიერ ცხოვრებაში, იმის მკვლელთა სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება, ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას, ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარი, მოგმართავთ თქვენ გულწრფელისა და მხურვალე თხოვნით ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ; თვით მე მხოლოდ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს ჩემი ქმრის გვერდით და თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამ სოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა,  რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა – შევუნდო იმ უბედურ, გზადაბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია. ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის ხელს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთი-სოფელში, შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა, ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიურ სიყვარულის შუქით განათებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას ამის მტრებისას, რამეთუ ,,არ იციან რასა იქმან!””

შუამდგომლობით აღფრთოვანებული პროფესორი ნ. ტაგანცევი წერს: ,,Не могу не привести прекрасных мыслей, выраженных в просъие вдовы нашего покойногосотоварища члена Государственного Совета князя Чавчавадзе, ходотайствовшей перед наместником не утверждать приговора, осудевмого на смерть увиц ее мужа”.

 

*ილია ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ტაგანცევი თანაკურსელები იყვნენ და შემდგომში, როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრებს ერთად იბრძოდნენ რუსეთის იმპერიაში სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების წინააღმდეგ.