155 წლის წინ, 1863 წლის 10 აპრილს სამების ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა თადეოზის ასულმა გურამიშვილმა.
ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ერთმანეთი 1863 წლის იანვარში გაიცნეს. პირველი ინიციატივა ოლღა გურამიშვილმა გამოიჩინა და თავისი მეგობრის ნინო ორბელიანის (ყაფლანაშვილის) ხელით ილიას წერილი გაუგზავნა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
„მითხარით, – სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ. ი. ჭ.“ (16 იანვარი, 1863 წ.) – ეს არის პირველი ბარათი ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს ოლღასათვის გაგზავნილი იმ 240-მდე წერილიდან, რომლებიც გამხმარ მინდვრის ყვავილებთან ერთად სათუთად შემოუნახავს ადრესატს.
ილია ჭავჭავაძის მეგობარი ივანე პოლტორაცკი იგონებდა: „უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სიძედ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ორ ახალგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შუამავალი… მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა… თაყვანება და ერთგულება თავის გენიალური ქმრისა ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია.“
„შენ ძალზე ძვირფასი ხარ ჩემთვის, ჩემო ანგელოსო, უფრო მეტად ძვირფასი, ვიდრე შეგიძლია ივარაუდო“, „მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე“ – წერდა ილია მიჯნურს მას შემდეგ, როცა ბოლომდე შეიცნო მომავალი მეუღლის პიროვნული თვისებები და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის ადამიანს უყურებდა „როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს“. ამისათვის იგი ბედს მადლობას წირავდა: „ბედი ოლიკოზე უკეთეს საჩუქარს ვერ მომიძღვნიდა. მადლობა, ათასი მადლობა მას!“ ოლღაც არ იშურებდა თბილ და დიდი გრძნობით აღსავსე სიტყვებს თავისი ილიკოსადმი, ისიც ბედის მადლიერი იყო, რადგან ილიას სიყვარული სწორედ მას არგუნა წილად და ამის გამო თავი უბედნიერეს ქალად მიაჩნდა. „ჩემისთანა ბედნიერი არა მგონია ვინმე ყოფილიყოს“, – ერთხელაც გამოუტყდა ოლღა ილიას.
155 წლის წინ, 1863 წლის 10 აპრილს ძველი სამების ტაძარში ჯვრისწერას სიძე-პატარძლის გარდა მხოლოდ მეჯვარეები ესწრებოდნენ – ილია ჭავჭავაძის მხრიდან პროფესიით იურისტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი და ილიას ნათესავი, შემდგომში თბილისის ვიცე-გუბერნატორი, სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, ხოლო ოლღა გურამიშვილის მხრიდან – ფლიგელ-ადიუტანტი, პოდპოლკოვნიკი ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და „კოლეჟსკი ასესორი“ სულხან ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი. წყვილს ჯვარი დასწერა წმინდა სამების დეკანოზმა ნიკოლოზ პეტრეს ძე არდაზიანმა.