1992 წლის 6 აპრილი ვახტანგ ჭაბუკიანის გარდაცვალების დღეა.
მისი მეგობარი, ჟურნალისტი, ვახტანგ ჭაბუკიანზე გადაღებული ფილმის სცენარის ავტორი – ნელი უზნაძე ,,ცეკვის ჯადოქრის“ უკანასკნელ დღეს ასე იხსენებს:
„პარასკევ დღეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბოლო გაკვეთილი ჩაატარა, ბოლო რეპეტიცია – ნაწყვეტები დავით თორაძის ბალეტიდან „ გორდა“. შინ მისული კიბეებზე ძლივს ავიდა, ძლივს გააღო კარი და როგორც იქნა საწოლამდე მიაღწია. დამირეკეს და მისი ავადმყოფობა შემატყობინეს. რაც ხელში მომხვდა გადავიცვი და გიჟივით გამოვვარდი. ვახტანგი ლოგინში დამხვდა. შეშფოთებული რომ დამინახა, მითხრა – „ნელი, ყოველგვარი პანიკის გარეშე, ძალიან გთხოვ, თავი ხელში აიყვანე“. მე მის ნათესავებთან რეკვა დავიწყე. სასწრაფოც გამოვიძახე, მაგრამ მითხრეს მანქანები არა გვყავს და ვერ მოვალთო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვახტანგი მკაცრად მიყურებდა და მიშლიდა მის გამო ვინმე შემეწუხებინა. სამჯერ გამოძახების შემდეგ „ სასწრაფო“ როგორც იქნა მოვიდა. კარდიოგრამა გადაუღეს. არ დამავიწყდება ექიმის შეშფოთებული და ცრემლიანი თვალები, როცა ამ კარდიოგრამას უყურებდა. მისი ნათესავები და ბავშვობის მეგობარი და კოლეგა სიმა ვეკუაც მოვიდნენ. სიმა ვეკუა მერე მის საწოლს აღარც მოშორებია. ექიმმა თქვა, რომ სასწრაფოდ საჭირო იყო მისი საავადმყოფოში გადაყვანა. არ ვიცოდით რა გვექნა, რას ვიფიქრებდით, რომ ეს მისი უკანასკნელი საათები იყო. სიკვდილის წინა ღამე მასთან გავატარე. კვირას დილით, მისმა დისშვილმა თამარ გორდონმა მთხოვა, შინ წავსულიყავი დასასვენებლად – საშიში აღარაფერია, ორშაბათს ვახტანგს საავადმყოფოში გადავიყვანთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. მე მხოლოდ ორი საათით დავტოვე იგი, მის გვერდით სიმა ვეკუა დარჩა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ვახტანგთან გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა და „შენობით“ მიმართავდა მას. ბავშვობის მეგობარმა თითქოს იგრძნო, როგორ ნელ-ნელა ჩერდებოდა დაუდეგარი, მაგრამ გადაღლილი გული. ხელზე ხელი წაავლო. დახედა. ვახტანგს თვალები დახუჭული ჰქონდა. ძლივსღა სუნთქავდა. სიმა ვეკუამ იმის გასაგებად, ვახტანგი გრძნობაზე იყო თუ არა, ხელზე ხელი მოუჭირა, მისკენ დაიხარა და ყურთან ჩურჩულით ჰკითხა – „ვახტანგ, იცი ვინ არის ახლა შენს გვერდით?“ ვახტანგმა კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა, შეირხა და მის ბაგეებს მოსწყდა უკანასკნელი სიტყვა – „სი-მა…“
ვახტანგი ისევ თბილი იყო . მის ცხედართან თავდახრილები ვიდექით – მე, სიმა ვეკუა და თამარ გორდონი.