ალექსანდრე ჭყონია (1855-1907)

sd - ალექსანდრე ჭყონია (1855-1907)

ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, პროფესიით იურისტი, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1894-1905 წლებში იყო ჟურნალი ,,მოამბის” რედაქტორი; გაზეთის ,,ცნობის ფურცელი” რედაქტორ-გამომცემელი; ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ჭყონიას ნაცნობობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ალექსანდრე უცხოეთში სწავლობდა და ილიას ფინანსური დახმარება სთხოვა. ილიამ ფინანსური დახმარება გაუწია შეჭირვებულ, სწავლას მოწყურებულ სტუდენტს. ამასვე მოუწოდებდა ილია თავის თანამემამულეთ: ,,როცა სწავლისათვის თავგანწირული ყმაწვილკაცის ძახილი მოდის მიშველეთო… ნუთუ ქართველობა ისე გაძუნწდება, რომ ამ სასოწარკვეთილების ხმას ყურს არ ათხოვებს და გაჭირვებული მოძმედ არ გაუწვდის შემწეობის ხელსა! აქ ყოველი გროშიც განძია და იმედი გვაქვს, რომ არავინ დაიშურებს, შეძლებისამებრ. აქ რაიმე შეიწიოს იმათ, რომლებიც შემდგომ სამშობლოში ბრუნდებიან, მიდიან თავგანწირულნი, ცოდნის სიყვარულით და წყურვილით შორს გადახვეწილნი და წინ მიიმძღვარებენ მეცნიერებას და მის მწვანე შტოს ნოეს მტრედსავით, ნიშნად ხარებისა და ნუგეშცემისა ”. (ილია ჭავჭავაძე, ტ. IV 1955 გვ. 335-336).

აი, რას წერდა ალექსანდრე ჭყონია ილიას: 

  ,,ბატონო!
              გაჭირვება მაჩვენეთ
              და გაქცევას გაჩვენებთ
ეს რომ არ ყოფილიყოს, მე თქვენთვის თითქმის იძულებით უცნობი, თხოვნით არ მოგადგებოდით, რა გავაგრძელოთ საუბარი ან სათხოვარი, ჰსჯობს პირდაპირ და მოკლედ მოგახსენოთ: შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის კურსის დასრულებისა, მე წამოვედი აქეთ იმ განზრახვით, რომ ისტორია და მისნი შემწე მეცნიერებანი შემესწავლა.
მალე ერთი წელიწადი იქნება, რაც მე აქ ვარ. საქმე, რაზედაც ვარ, აქამდი კარგად მიდის და, მართალი ვსთქვა, ახლაც კარგად მიდის, მაგრამ საშუალება შემომაკლდა და უამისოდ საქმე გამიფუჭდება.
ჩემი საგანი ისე ვრცელია, ისე ძნელია, რომ ამისათვის მიუცილებელი იქნებოდა აქ ხუთი წელი დარჩენაც მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ეს თითქმის შეუძლებელია, ჩემი საშუალება არ მაქვს და სხვისი იმედით გაძლება ამ დროის განმავლობაში ძლიერ ძნელია.
ამ საქმეში მე შეუძლებელს არ მივაჟინდები და არც სათუოს მივენდობი. მაგრამ საქმე დამიწყია, ამ დასაწყისის კმაყოფილი ვარ ცოტა მაინც იმავე სახით უნდა განვაგრძო. უამისოდ ეს დასაწყისი არაფრად ჩაიგდება და ჩემი მიზნისათვის არაფრად არ ივარგებს. რაც გამიკეთებია, ის რომ ჩაიგდოს, ერთი იმოდენა კიდევ უნდა ვიმუშავო. ესე იგი ერთი წელიწადი კიდევ უნდა დავრჩე. რადგანაც, როგორც ზევით მოგახსენეთ, ჩემი საშუალება სრულებით აღარ გამაჩნია, მე ვბედავ თქვენ გთხოვოთ, რო, როგორმე საზოგადოების შემწეობა გამომიჩინოთ.
თუ მკითხავთ, რა სიმართლით ვთხოვ მე საზოგადოებას ამ შემწეობაზე მე ამაზე ბევრს ვერას გეტყვით. მხოლოდ მოგახსენებთ, რომ მე ვარ საზოგადოებისათვის კეთილმსურველი და მისთვის რაიმე სარგებლობის მოტანისათვის ვემზადები. როგორ და რამდენად მინდა შეწევა, ამის თქმა ჩემის მხრით საჭირო არ არის. თქვენც გეცოდინებათ, თუ ამისთანა შემთხვევები გქონიათ, მე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ შემწეობას მე ვალად მივიღებ, და, როგორც შემეძლება, მაშინვე გადავიხდი, ერთიანად, ან წვრილ-წვრილად.
ამ წერილს რომ გწერთ, მე სრულებითაც არ მგონია, რომ ჩემს თხოვნას უსათუოდ ექმნება სასურველი შედეგი, ამიტომ ნურც თქვენ ინებებთ პასუხის მოუცემლობას იმ შემთხვევაში, თუ ჩემის თხოვნის ასრულება არ შეიძლება.

      თქვენი დიდად პატივისმცემელი და კეთილის მსურველი,

       ალექსანდრე ჭყონია

      ჩემი ადრესი:

       Paris

     25 მაისი, 1876წ.”

 

ილიას ხელით მიწერილია: ,,ოცი თუმანი სტეფანე ზარაფოვისაგან და ბესარიონ გოგიბერიძისაგან შესაწევნად გადმოცემული გავუგზავნეო ჭყონიას 14 ივნისს, 1876წ.”

ალექსანდრე ჭყონიას და ილია ჭავჭავაძის საქმიანი, მეგობრული ურთიერთობა ალექსანდრე ჭყონიას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განმტკიცდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა დაიწყო აქტიური  ჟურნალისტური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, აირჩიეს წ. კ. გ. საზოგადოების წევრად. მას ილია ჭავჭავაძის მნიშვნელოვან და საგანგებოდ  მოწვეულ სტუმართა შორის 1884 წლის 1 ივნისს ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად რკინიგზის სადგურზე ხვდება მისივე მოწვევით საქართველოში პირველად ჩამოსულ გერმანულ  მწერალს არტურ ლაისტს. საპატიო  სტუმრის საპატივცემულოდ გამართულ სადილზე ილიამ წინასწარ გაგზავნილი სადარბაზო ბარათით ალ. ჭყონიაც მიიწვია, 1885 წლის მაისში (13) ჰ. შ. წ. კ გამავრცელებელი კრება ჩატარდა, ილია ჭავჭავაძე საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. გამგეობის რჩეულ მოღვაწეთა შორის ალ. ჭყონიაც დასახელდა.
1890  წლის  9  ივნისს  ალ.  ჭყონია  ,,ივერიის”  რედაქციას   უძღვნის  თავის  წიგნს – ,,ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდან ბაგრატიონთ გამეფებამდე”, 189 წარწერით: ,,ივერიის  რედაქციას”. ა. ჭყონია 9 – VI – 90 წ.