,,ლატავრა”

29244490 508004826267606 5566657836185812992 n - ,,ლატავრა''

1927 წელს ზაქარია ფალიაშვილი ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ნაწარმოებს – ოპერა ,,ლატავრას” და ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისადმი მიძღვნილ ,,საზეიმო კანტატას”. (ორივე ნაწარმოების ტექსტი მწერალ სანდრო შანშიაშვილს ეკუთვნოდა). კანტატა ამავე წლის 7 ნოემბერს შესრულდა. ოპერა ,,ლატავრა” კომპოზიტორმა დაასრულა 1927 წელს აბასთუმანში. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ამ ოპერის შექმნის იმპულსი უშუალოდ უკავშირდება რუსთაველის თეატრის სპექტაკლ ,,ლატავრას”. (პრემიერა შედგა 1924 წლის 30 ოქტომბერს, რეჟისორი გახლდათ სანდრო ახმეტელი, მხატვარი ირაკლი გამრეკელი, კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი). როგორც მწერალ სანდრო შანშიაშვილის მუზეუმში დაცულ მოგონებაში წერია: ,,ამ პიესას ზაქარია რამდენჯერმე დაესწრო, მე დამაინტერესა, რა მოეწონა ზაქარიას, უკვე მეოთხედ ვხედავდი ამ სპექტაკლზე. ანტრაქტზე გამოველაპარაკე, მან ღიმილით მითხრა: პიესა ლამაზია და ოპერის მასალას მაძლევსო. თურმე მას მოსწონებია ლატავრას როლი, რასაც სცენაზე ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა”. ამის შემდეგ კომპოზიტორმა მწერალს ოპერის ლიბრეტოს შექმნა სთხოვა.

ოპერა ,,ლატავრას” პრემიერას ისეთივე მოლოდინი უძღოდა წინ, როგორიც ფალიაშვილის წინა ოპერებს. პრემიერა 1928 წლის 16 მარტს გაიმართა (რეჟისორი სანდრო ახმეტელი, დირიჟორი ივანე ფალიაშვილი, მხატვარი ირაკლი გამრეკელი).

პრემიერის შემდგომი რეაქციების მიხედვით, ალბათ ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლი წარმატებული ან წარუმატებელი აღმოჩნდა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დადებითად მიიღო, დასტურდება ამონარიდით იმდროინდელი გამოხმაურებიდან: ,,ლატავრას” პირველმა წარმოდგენამ დაამტკიცა, რომ თავისი მესამე ოპერით ზაქარია ფალიაშვილმა ქართული ოპერის ისტორიაში კვლავ ფასეული, კაპიტალური განძი შეიტანა. თუ ,,ლატავრაში არ არის ის მონოლითურობა, სტილის მთლიანობა, რომლითაც გამოირჩევა ,,აბესალომი” და ,,დაისი”, სწორედ სტილის ნაირსხვაობაშია ,,ლატავრას” ღირსება, რამდენადაც ეს ნაირსხვაობა ნაკარნახევია სიუჟეტისეული ამოცანებით და ავტორის მიერ მოცემული ჩაღრმავებით”.