ერთი ექსპონატის ისტორია: ილია ჭავჭავაძე ბანკის თანამშრომლებს შორის

ჭავჭავაძე ბანკის თანამშრომლებს შორის „ედემის ბაღში - ერთი ექსპონატის ისტორია: ილია ჭავჭავაძე ბანკის თანამშრომლებს შორის

ილია ჭავჭავაძე 1906 წლის აპრილში აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად. ამ ფაქტის აღსანიშნავად პეტერბურგში გამგზავრების წინ მას დღევანდელი ზოოპარკის
ტერიტორიაზე მდებარე „ედემის ბაღში“ თბილისის ბანკის თანამშრომლებმა სადილი გაუმართეს, რომელსაც ესწრებოდნენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლებიც, მათ შორის, დიდი ქართველი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი; მწერალი, პედაგოგი და პუბლიცისტი ნიკო ცხვედაძე; მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე; ილია ჭავჭავაძის დისწული – ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი კოტე აფხაზი; ცნობილი ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი; მთარგმნელი და პუბლიცისტი ნიკოლოზ მესხიშვილი და სხვ.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცულია 1906 წლის აპრილის ბოლოს ფოტოგრაფ პ. სანკევიჩის მიერ გადაღებული ჯგუფური ფოტოსურათი – ილია ჭავჭავაძე ბანკის თანამშრომლებს შორის „ედემის ბაღში“, რომელიც სწორედ აღნიშნული წვეულების დროსაა გადაღებული. ფოტო იმითაც არის საინტერესო, რომ ის ერთადერთი გახლავთ, რომელზეც ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი ერთმანეთის გვერდით არიან აღბეჭდილნი. სწორედ ეს კადრი არის გამოყენებული ყველასათვის ცნობილი ფოტომონტაჟისთვის, სადაც აკაკი, ილია და იაკობი გვერდიგვერდ სხედან. ილიას მარცხნივ მჯდომი რუსეთის წარმომადგენლის, სახელმწიფო პალატის გამგის, მიხაილოვის ნაცვლად არის ჩასმული სწორედ აკაკი წერეთელი. ამ სურათის გადაღების ისტორიისა და მასზე აღბეჭდილი პირების შესახებ მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცული ეგზემპლარის საკმაოდ ვრცელი მინაწერი, რომელიც ეკუთვნის ფოტოზე წარმოდგენილ პირს, მაშინ ბანკის 17 წლის კურიერს გიორგი ჯაჯანაშვილს. მის მიერ მოწოდებული ცნობები სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ქართული ბანკის შემადგენლობასა და თითოეულის თანამდებობრივ მოვალეობებზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ილიას მიერ დაფუძნებული თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ისტორიის შესასწავლად.