ფლირტი, ანუ ,,ყვავილების ენა” XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. ევროპაში, ორი ადამიანის ჩანაწერების შედეგად მოხვდა. მათგან ერთ-ერთი ლედი მერი იყო, ბრიტანეთის ელჩის მეუღლე სტამბულში. 1717 წელს მან ფლირტი თავის წერილებში, როგორც ,,სიყვარულის საიდუმლო ენა” აღწერა. ჩანაწერი, 1763 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით დააინტერესა ვიქტორიანულ ინგლისისა და საფრანგეთის არისტოკრატული საზოგადოება.
1830 წელს რუსეთში გამოიცა წიგნი, რომელშიც 400-მდე ყვავილის ენა იყო აღწერილი.
საქართველოში, სამაგიდო თამაში – ფლირტი XX საუკუნეში ლიტერატურული სალონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი გახლდათ. იგი შედგება 36 ბარათისგან, რომლებზეც დასახელებულია ბაღის მცენარეები, თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს ფრაზა.
თამაშის წესი ასეთია: თამაშში მონაწილეობს 6 ან მეტი ადამიანი. ბარათები რიგდება მთლიანად, თითოეულ მათგანზე 10-ზე მეტი ფრაზაა. მონაწილეები ბარათების დასტიდან თავად იღებენ რამდენიმე ბარათს. როცა მოთამაშეს ვინმესთან საუბრის გაბმა სურს, აწვდის ბარათს, რომელზეც სასურველი ფრაზა წერია და მოსაუბრეს ეუბნება იმ ყვავილის დასახელებას, რომელიც ფრაზის ,,ავტორია”. ისიც იგივე წესით პასუხობს, ან უპასუხოდ ტოვებს. უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში მოთამაშე სხვა ადრესატს ირჩევს და შეეცდება ფლირტის გაბმას. ის მოთამაშე, რომელიც ყველა ბარათს გასცემს და თავად უპასუხოდ/უბარათოდ რჩება, თამაშს ეთიშება.
თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულ ამ თამაშს ახალი სიცოცხლე შესძინა. თამაშის შეძენა შესაძლებელია ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ჩახრუხაძის ქუჩა 17.