ქართული ვოკალური მუსიკის საღამო

19 დეკმბერი - ქართული ვოკალური მუსიკის საღამო

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმმა ოპერა ,,დაისის” პრემიერის დღე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის ანა ჩიხრაძის კლასის კონცერტით – ,,ქართული ვოკალური მუსიკის საღამო” აღნიშნა.

შესრულდა ფრაგმენტები ოპერა „დაისიდან“, ასევე ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერიდან“. ამასთანავე, აჟღერდა სხვადასხვა თაობის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

„დაისის“ პრემიერა შედგა 1923 წლის 19 დეკემბერს. იგი დადგა კოტე მარჯანიშვილმა, დირიჟორობდა ივანე ფალიაშვილი, მხატვრობა ეკუთვნოდა ვალერიან სიდამონ-ერისთავს. მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ვ. სარაჯიშვილი (მალხაზი), ე. პოპოვა (მარო), ი. კრიჟანოვსკი (კიაზო). ეს დღე მნიშვნელოვან თარიღად იქცა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში არსებული ექსპონატები გადმოგვცემენ ამ ოპერის შექმნის, მისი დადგმისათვის მზადების, პრემიერის შესახებ საინტერესო ცნობებს.