გალაკტიონი 126

e18392e18390e1839ae18390e18399e183a2e18398e1839de1839c e183a2e18390e18391e18398e183abe18394 galaktion tabidze321 - გალაკტიონი 126

,,ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები…
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..”

126 წლის წინ, 1891 წლის 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.
მამა ადრე გარდაცვლია. დედა – მაკრინე ადეიშვილი, რომელსაც ასე ახასიათებს ,,…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან -ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერელის.”

1899 წელს გალაკტიონი შეუყვანიათ დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში ქუთაისში, რომლის დასრულების შემდეგ ჩარიცხულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელს სწავლას განაგრძობს თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს გამოსცემს ხელნაწერ ჟურნალს ,,შუქი”. ორი წლის შემდეგ მეგობრის, ქუჩუ ქავთარაძის თვითმკვლელობის გამო ტოვებს სემინარიას და პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს, ჯერ ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში,  შემდეგ კი ბათუმთან ახლოს.
1911 წელს მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად ქუთაისში გადადის. მუშაობს გაზეთებში: ,,მნათობი”, ,,კოლხიდა”, ,,თანამედროვე აზრი”. იბეჭდება მისი ლექსები, რომელსაც აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა. საყოველთაო აღიარება და ,,პოეტების მეფის” სახელი 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მოუტანა. ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა.

,,მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!”

1916 წელს ქორწინდება ოლია ოკუჯავაზე და  მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ამთავრებს მოსკოვის სცენისმოყვარეთა სარეჟისორო კურსებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გალაკტიონმა დაარსა ,,გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი”.  1924 წელს-ჟურნალ ,,მნათობის” მეხუთე ნომერში დაბეჭდილი პოემა ,,მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა”, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. საბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა, ხოლო ჟურნალის ტირაჟი მთლიანად განადგურდა.

1928 წელს პოეტი მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის VI კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ. 1929 წელს ოლია ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო. 1937 წელს ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს.

1943 წელს აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.

,,უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი თეთრი თოვლი შემომეფეთა
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა.”

1944 წელს  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
DSC 2282 1 1024x879 - გალაკტიონი 126
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.

1959 წლის 17 მარტს კი თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე.
იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევართა აზრით, პოეტი შეეწირა იმ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში იყო. გალაკტიონი შიმშილობდა, ცოლი დაუხვრიტეს, მტრობდნენ, ნაციონალისტობას სწამებდნენ. მოგონებებში წერს: ,,რას არ გაგაკეთებინებს შიმშილი, დღეს მეკუბოვეებთან ერთად ვისადილე”, ,,ზამთარი მოვიდა, პალტო არ მაქვს, იქნებ გამომიყოთ პალტო, რომ ზამთარში ჩავიცვა”, ,,ტრამვაის ფული, 30 კაპიკიც არ მაქვს, რომ მწერალთა კავშირში წავიდე და ვინმეს ფული ვესესხო, რადგან სამი დღეა საჭმელი არ მიჭამია”. 

 ,,აგერ, შემოდგომობის
ცივი გრძნობა ამდორებს
უმძიმესი ტომების
გენიალურ ავტორებს.''