ილია 180

ilia 8 1 - ილია 180

,,კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.”

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე დაიბადა თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში, 1837 წლის 8 ნოემბერს (ძვ.სტილით 27 ოქტომბერს) მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში. ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა” წერს ავტობიოგრაფიაში, ხოლო ,,დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით.” 1845 წელს, შინაური სწავლის მიღების შემდეგ, 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის.  ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად. ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის -,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა. მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.” 1848 წლის 4 მაისს გარდაეცვალა დედა და დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა ქვრივმა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავმა.  11 წლის ასაკში ილია მამამ ჩამოიყვანა თბილისში და შეიყვანა სასწავლებლად ჰაკეს პანსიონში. 1852 წელს მამაც გაერდაეცვალა.

ილია ჭავჭავაძე

1857 წელს ილია ჭავჭავაძე სწავლის აგრძელებს პეტერბურგში იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას. ,,უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ.” წერს კოხტა აბხაზი, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტში.

ილია 1861 წელს ბრუნდება საქართველოში, თავის გარშემო იკრებს ახალ თაობას და საფუძველს უყრის საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც ,,პირველი დასის” სახელით არის ცნობილი. 1863 წელს ააარსებს ჟურნალს ,,საქართველოს მოამბე” და ქორწინდება თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე, რომელიც ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავჯდომარეიყო. ოლღა მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით ედგა თავის მეუღლეს, ყველანაირად ხელს უწყობდა შემოქმედებით თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
,,1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი”. 1868 წლის 1 თებერვალს, კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით, ილია დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, ხოლო შემდეგ, საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით – მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში.

ილია ჭავჭავაძე

1873 წლიდან თბილისში მკივდრდება საცხოვრებლად და აქტიურ მონაწილეობას იღებს დიმიტრი ყიფიანის მიერ წამოყენებულ იდეაზე, ბანკის დაარსების შესახებ. ბანკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად მიემგზავრება რუსეთში. ბანკის წესდების დამტკიცების მოლოდინში, ივანე მაჩაბელთან ერთად იწყებს შექსპირის ,,მეფე ლირის” ქართულად თარგმნას და 1877 წელს ცალკე წიგნად გამოსცემს. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა 10 თვიანი ლოდინის შემდეგ დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება და 1875 წლიდან ილია მმართველობს სათავადაზნაურო – საადგილმამულო ბანკს შემდგომი 30 წლის განმავლობაში. 1877 წელს აარსებს გაზეთს ,,ივერია”, რომელიც აქტიურ როლს ასრულებდა საქართველოს კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკური ცხოვრებაში.  ილიას პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი უჭირავს სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა პედაგოგიური მეცნიერებისა და სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსელის ზრდის მოთხოვნებს. ,,…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…” („პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი,1938 გვ. 353). ილიას მოღვაწეობა საქართველოში ფასდაუდებელია პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. ,,პედაგოგიური საფუძვლები” ფუნდამენტური ნაშრომია სახალხო განათლებასა და პედაგოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

ილია ჭავჭავაძე

ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. 1905 წელს შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზეც ილიას დისშვილმა, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალმა, გენერალმა კონსტანტინე (კოტე) აფხაზმა  1917 წელს დაარსა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.  1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: ,,სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები.”

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი

1907 წლისთვის ილიას ჯანმრთელობა შერყეულია, არტურ ლაისტი, რომელიც მასთან ერთად საგურამოში იმყოფებოდა წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს… შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია.”  30 აგვისტოს (ახ.სტ. 12 სექტემბერს) თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალი ილია ჭავჭავაძესა და მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს  თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ოლღა გურამიშვილი

1908 წელს ,,დროებაში” გამოქვეყნდა ოლღა გურამიშვილის თხოვნა თბილისის გენერალ-გუბერნატორისადმი:

,,…სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა ჩემთვის და მთელი საქართველოსათვის ძვირფას ილია ჭავჭავაძის სამ მკვლელს. სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სულიერი ძალ-ღონე, ღვთის მიერ მასზე მოვლენილი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანურ გრძნობის, კაცთა შორის სიყვარულის გამტკიცებას. მე ღრმად მრწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდი იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზა-დაბნეულ ძმებად მიიჩნევდა. დღეს კი ჩემი ქმრის თხოვნა საქართველოს ერის სულიერ ცხოვრებაში იმის მკვლელთა სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება. ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს ამ ღვაწლს სიყვარულისას, ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარი. მოგმართავთ თქვენ გულწრფელისა და მხურვალე თხოვნით: ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ: თვით მე მხოლოდ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს ჩემი ქმრის გვერდით და თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი იმ სოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა – შევუნდო იმ უბედურ, გზადაბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია. ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში. შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა, ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიურ სიყვარულის შუქით განათებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმის მტრებისას, რამეთუ “არ იციან რასა იქმან!”

ილია ჭავჭავაძე