თბილისის მუზეუმების გაერთიანება ვახტან ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 25 ოქტომბერს გაიხსნა გამოფენა „ზურაბ კიკალეიშვილი – რეტროსპექტივა“. ექსპოზიცია 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ზურაბ კიკალეიშვილი 1924 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა და სიმბოლურად მისი შემოქმედების ამსახველი გამოფენაც მის დაბადების დღეს გაიხსნა. გამოფენის გახსნაზე თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ ისაუბრა. ხოლო ვახტან ჭაბუკიანის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეებმა დიანა დგებუაძემ და ელენე მაჭარაშვილმა ზურაბ კიკალეიშვილის მოგონებები წაიკითხეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოცეკვავის, პედაგოგის, ქორეოგრაფის, მსახიობის, ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი მოსწავლის, მეგობრისა და სასცენო პარტნიორის შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები. ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმის ფონდსა და ასევე ზურაბ კიკალეიშვილის შვილის, მაკო აბაშიძის პირად არქივში დაცული მასალები: ფოტოსურათები, ნახატები, ჩანაწერები საბალეტო სპექტაკლებიდან და ფრაგმენტები კინოფილმებიდან: „გორდა“, „ოტელო“, „სინათლე“ და „ვერის უბნის მელოდიები“. სადაც ზურაბ კიკალეიშვილის სასცენო პარტნიორები არიან: ვახტანგ ჭაბუკიანი, ლილიანა მითაიშვილი, ვერა წიგნაძე და ევგენია გელოვანი.