ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ხალხური ეპოსი“

3I2A3184 - ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ხალხური ეპოსი“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობას.   საჯარო ლექციებისა  და შეხვედრების ციკლის ფარგლებში   2017 წლის 19 სექტემბერს  19:00 საათზე  ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა  ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ხალხური ეპოსი“

ეპოსი, როგორც ჟანრი, თავის თავში აერთიანებს და მოიცავს: მითოლოგიურ გადმოცემებს, ზღაპრებს, ლეგენდებს,  თქმულებებს და ყოველგვარ ნარატივს. ერთიან ამბავს,  რომელსაც დასაწყისიც და დასასრულიც გააჩნია. სწორედ ასეთ ქართულ ეპოსში არსებული სასიყვარულო ამბავი „ეთერიანი“ დაედო საფუძვლად ოპერის „აბესალომ და ეთერის“ (ავტორი ზაქარია ფალიაშვილი) ლიბრეტოს შექმნას.  ოპერის შექმნის იდეის და ლიბრეტოს ავტორია  ლიტერატორი  და საზოგადო მოღვაწე  პეტრე მირიანაშვილი.

ოპერაზე მუშაობა  ზაქარია ფალიაშვილმა 1910 წელს დაიწყო, ხოლო პრემიერა, 1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგა (დამდგმელი რეჟიოსორი ალექსანდრე წუწუნავა; დირიჟორი  ზაქარია ფალიაშვილი; მხატვარი- ალექსანდრე ზალცმანი).

შეხვედრაზე, ცნობილმა ფილოლოგმა და ფოლკლორისტმა  ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსმა  და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ზურაბ კიკნაძემ, ისაუბრა  ლიბრეტოს პირველწყაროზე: ჟანრის განსაზღვრაზე, წარმოშობაზე, სტრუქტურაზე.  გარდა ლოკალური კონტექსტისა  განხილული იქნება „ეთერიანის“ სხვადასხვა ვარიანტები  და პარალელები მსოფლიო ლიტერატურასთან.