გამოფენა ,,იაპონია და ქართული ბალეტი’’

IMG 3268 - გამოფენა ,,იაპონია და ქართული ბალეტი’’

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 2017 წლის 20 სექტემბერს 17:00 საათზე გაიხსნა გამოფენა: ,,იაპონია და ქართული ბალეტი’’. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ტადაჰარუ უეჰარა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო დასის  ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.

საქართველოსა და იაპონიას საბალეტო ხელოვნებაში ურთიერთთანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალები უკავშირდება 1974 წელს, რამდენიმე თვით პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ტოკიოს საბალეტო დასთან ვახტანგ ჭაბუკიანის (1910-1992 წწ.) მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, მამაკაცთა კლასიკური ცეკვის დახვეწის მიზნით. გამოფენაზე წარმოდგენილია: ვახტანგ ჭაბუკიანის იაპონიაში პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა, მოწვევისა და მადლობის წერილები. ასევე წლების განმავლობაში იაპონიიდან მიღებული საახალწლო მისალოცი ბარათები.

ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დაწყებული ურთიერთანამშრომლობის გზა, ორი ქვეყნის საბალეტო სფეროს შორის, დღესაც გრძელდება. გამოფენის გახსნის დღეს, დამსწრე საზოგადოება შეხვდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის პედაგოგებს ქეთევან მოწონელიძეს, ლარისა ჩხიკვიშვილსა და მათ მოსწავლეებს, რომლებმაც ისაუბრეს და წარმოადგინეს ფოტო და ვიდეო მასალა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელისა და იაპონიის, ქ. ტოკიოს საერთაშორისო საბალეტო სკოლის ერთობლივ პროექტზე.