საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

2 - საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

საერთაშორისო კონფერენციას „სემიტოლოგიური ძიებანი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 16 და 17 სექტემბერს მასპინძლობდა.

კონფერენცია მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა.

კოტე (კონსტანტინე) წერეთელი (1921-2004) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960) ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი.

კონფერენციაში მონაწილეობა 4 ქვეყნის – საქართველოს, ისრაელის, გერმანიის, ინგლისის ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგის მეცნიერებმა მიიღეს.

კონფერენციაზე გაჟღერდა სიახლე, რაც გულისხმობს თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2017 წლის სტრატეგიის შესაბამისად, სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერებას.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი გეგმავს გააგრძელოს ტრადიცია და აღნიშნული მუზეუმის ბაზაზე დააარსოს კოტე წერეთლის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მთავარი მიზანი ქართული სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა იქნება როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო მასშტაბით.