თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 3 აგვისტოს აღინიშნა კომპოზიტორის, დირიჟორის და პედაგოგის ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 146 წელი.
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „ზაქარია ფალიაშვილი და ქართული საგალობლები“ ეთნომუსიკოლოგებმა დავით შუღლიაშვილმა და ნინო მახარაძემ ისაუბრეს კომპოზიტორის მიერ შეტანილ წვლილზე ქართულ გალობაში და მის ფოლკლორისტულ მოღვაწეობაზე. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლმა „იალონი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებმა.
ქართულ სიმღერა-გალობაში ზაქარია ფალიაშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია. მას კარგად ესმოდა ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების მნიშვნელობა, რომელიც თავისი ღირებულებებით მსოფლიოს მუსიკის შედევრებს უტოლდება. სწორედ ამან განაპირობა კომპოზიტორის დიდი ინტერესი და ყურადღება მათ მიმართ. ფალიაშვილის მიერ შედგენილია „ქართული ხალხური სიმღერების კრებული“ და ‘’8 ქართული სახალხო სიმღერა“. ეს უკანასკნელი კრებული, ფალიაშვილის, როგორც კომპოზიტორის მაღალი პროფესიული ოსტატობის ნიმუშია.
ხალხურ სიმღერებთან ერთად ზ. ფალიაშვილი მუშაობდა ქართული საეკლესიო საგალობლების დამუშავებაზეც. მან კომპოზიტორ იპოლიტოვ-ივანოვის მიერ კარბელაშვილებისაგან ჩაწერილი იოანე ოქროპირის წირვის წესის საგალობლები დრამატურგიულად ერთ ციკლად შეკრა, გადაამუშავა და ქართული სასულიერო მუსიკის პირველი საინტერესო საკონცერტო ნიმუში შექმნა, – „საეკლესიო საგალობლები იოანე ოქროპირის წირვის წესისა“ (ქართული ლიტურგია). აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნიმუში 1910 წლის შემდეგ საქართველოში არ შესრულებულა, 2010 წელს კი ვაშინგტონში პრესვიტერიანულ ტაძარში შესრულდა. საღამოზე ნაჩვენები იყო იშვიათი ვიდეო საფონდო მასალა 2010 წლის ვაშინგტონის ჩანაწერებიდან.