მიზანდარების ოჯახი ისტორიულ ჭრილში

MG 9324 - მიზანდარების ოჯახი ისტორიულ ჭრილში

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ალოიზ მიზანდარის დაბადებიდან 180 წლისთავის აღსანიშნავად, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიება – „მიზანდარების ოჯახი ისტორიულ ჭრილში“ გამართა.

საღამო პირველი ქართველი პროფესიონალი კომპოზიტორის, საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტის, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის, პირველი სამუსიკო სკოლისა და სასწავლებლის (რომლის ბაზაზეც აღმოცენდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია) ერთ-ერთი დამაარსებლის, ალოიზ მიზანდარისა და მიზანდარების საგვარეულოს სხვა ცნობილი წარმომადგენლების მოღვაწეობას (ფალიაშვილების მუსიკის პირველი მასწავლებლის ფელიქს მიზანდარის, ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორის, სახალხო გვარდიის სასულე ორკესტრის დამაარსებლის, ევგენი მიქელაძის მასწავლებლის, თბილისის სახ. ოპერის „ბრმა დირიჟორის“ ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარის და ა.შ) მიეძღვნა.

ალოიზ მიზანდარი (1837-1912) – ქართველი პიანისტ-ვირტუოზი, კომპოზიტორი და პედაგოგი. პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი (რომანსი „ჩვენ დავშორდით“ 1863 წ.), საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების საპატიო წევრი. 1865 – 1867 წლებში ცხოვრობდა პარიზში, ვენაში, სადაც მეგობრობდა როსინისთან, ლისტთან და მარმონტელთან. ევროპაში გასტროლების დროს (პარიზი, ვენა 1865-1867) ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩაიკოვსკისთან, რუბინშტეინთან, ბალაკირევთან, ლისტთან, როსინისთან, ბრამსთან, გუნოსთან, ვერდისთან და სხვა. გადმოცემის თანახმად, მიზანდარი და ლისტი ხშირად უკრავდნენ ოთხ ხელში. მიზანდარის საფორტეპიანო ნაწარმოებები ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებია. დაკარგულია მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ოთხხმიანი მესები, რომლებიც თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში სრულდებოდა. ალოიზ მიზანდარის მოსწავლე იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანა თულაშვილი, ასევე ე. ი. პოლტორაცკაია და სხვა.

ფელიქს მიზანდარი (1843-1896) (ალოიზის ძმა) – პიანისტი პედაგოგი. განათლება მიიღო მოსკოვსა და ოდესაში. 1870 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისში. იგი ცნობილია, როგორც ძმები ზაქარია და ივანე ფალიაშვილების პირველი ფორტეპიანოს პედაგოგი.

ვალერიან მიზანდარი (1894-1926) – ფელიქს მიზანდარის შვილი. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულმა ვალერიანმა, ზაქარია ფალიაშვილის რჩევით სწავლა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო, სადაც მოგვიანებით ჰარმონიას თავადვე ასწავლიდა. პარალელურად სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, სწორედ აქ დაიწყო მისი სადირიჟორო მოღვაწეობა. 1917 წელს მან ჩამოაყალიბა 65 კაცისაგან შემდგარი სამხედრო-სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც თბილისში არ ყოფილა; 1918 წლიდან ორკესტრს „სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი“ ეწოდა; 1919 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1922 წელს მან მხედველობა დაკარგა და 3 წლის განმავლობაში უსინათლოდ დირიჟორობდა, რის გამოც მას „ბრმა დირიჟორი“ უწოდეს.

დაგმარა სლიანოვა მიზანდარი (1910-1983) (ფელიქს მიზანდარის შვილიშვილი) – მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, პიანისტი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს (საფორტეპიანო), 1935 წელს (საკომპოზიციო). იგი ავტორია საბავშვო საორკესტრო სიუიტების, კამერულ-ვოკალური ასევე კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებების, ვოკალური ციკლების, რომანსების. მას ეკუთვნის სამეცნიერო შრომები: „ქართული ხალხური ერთხმიანი სიმღერა“, „ქართული ხალხური სიმღერა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში“, „ზ. ფალიაშვილის რომანსები“, „ორხმიანობის თავისებურებები ქართულ ხალხურ სიმღერებში“; ასევე საკანდიდატო დისერტაციის თემა, – „ქართული ხალხური ერთხმიანი სიმღერა“, – დაიცვა 1964 წელს.

ლევან მიზანდარი იმ ადამიანების შთამომავალია, ვინც საქართველოს ისტორიაში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა. მისთვის, ორმაგად საპასუხისმგებლოა ალოიზ, ფელიქს და ვალერიან მიზანდარების კვალზე სიარული. თუმცა, ამას პირნათლად ასრულებს, თავადაც კომპოზიტორია და საკმაოდ ბევრს მუშაობს. ლევან მიზანდარი ავტორია წიგნის ,,მიზანდარები“, რომელიც მიზანდარების საგვარეულო იტორიას მოგვითხრობს. ასევე დაწერილი აქვს მონოგრაფია ,,ვასილ თამარაშვილი“, რომელიც ეძღვნება ქართული ხალხური საკრავების რეკონსტრუქტორსა და ხალხური ორკესტრის დამაარსებელს, ნოტის საბეჭდი მანქანის გამომგონებელს ვასილ თამარაშვილს. მან დაამუშავა ქართველი კომპოზიტორების არქივი: ალოიზ მიზანდარის, დიმიტრი არაყიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, დავით თორაძის.

ღონისძიების ძირითადი მონაწილე მიზანდარების ოჯახის უმცროსი თაობის წარმომადგენელი – კომპოზიტორი, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ლევან მიზანდარი გახლდათ.

საღამოზე მიზანდარების სამი თაობის კომპოზიტორთა: ალოიზ მიზანდარის, დაგმარა სლიანოვა-მიზანდარის და ლევან მიზანდარის ნაწარმოებები ჟღერდა, რომლებიც შეგვისრულეს თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტულმა ტრიომ მაია ჯინჭველაშვილის, ქეთევან თავშავაძისა და ია ბახტაძის შემადგენლობით. ასევე, ბაია გრიგოლიამ, ნინა ხოშტარიამ და თინათინ ცაგარეიშვილმა.