მოდი ღამე მუზეუმში

3 1 - მოდი ღამე მუზეუმში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება უერთდება აქციას „ღამე მუზეუმში“, რომელსაც საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, მუდმივად ტარდება. 2017 წლის 27 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აქცია „ღამე მუზეუმშის“ ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. მუზეუმები ღამის 01:00 საათამდე იქნება ღია და ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ღამის ღონისძიების თემად „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ შეარჩია, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისათვის შეიმუშავა. მუზეუმები საზოგადოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფუნდამენტურ კითხვას იმ მეთოდების მეშვეობით სვამენ, რომლებიც საზოგადოებრივი მეხსიერების საკითხების კრიტიკულად გააზრების საშუალებას იძლევა. მრავალფეროვანი სამუზეუმო მეთოდების გამოყენებით და სადავო ისტორიების სხვადასხვა გზით ექსპონირებით, მუზეუმები წარსულის კრიტიკული გააზრებისა და აღქმის ინსტრუმენტებს ისტორიულ მეხსიერებასთან დიალოგის მეშვეობით შერიგების ხელშეწყობას გვთავაზობენ.

 

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

10:00 – 21:00 – ექსკურსიები ყოველ საათში ერთხელ

საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროგრამები:
საუბრები ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე;
საგანმანათლებლო პროგრამა „ჰიმნი“;

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ნივთების გამოფენა;
გამოფენა „ლატავრა“ – ივანე ასკურავას ესკიზები;

21:00 – 01:00 – ღამე მუზეუმში
თეატრალიზებული ინტერაქტიური წარმოდგენა – „ვიხსენებთ უთქმელს“
თეატრალიზებული, ინტერაქტიური წარმოდგენა „ვიხსენებთ უთქმელს“ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარდაფში გაიმართება. წარმოდგენა სალონური, საზეიმო მუსიკით გაფორმდება. საღამოს განმავლობაში მუზეუმის ფონდში ახლად შემოსული, კომპოზიტორის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური კადრები გაშუქდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, იხილონ ზურაბ სამხარაძის მიერ ზაქარია ფალიაშვილის და უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ირაკლი ფალიაშვილის პორტრეტები, სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ბიუსტები, ზაქარია ფალიაშვილის სასცენო კოსტიუმი და ატრიბუტები. საღამოს ინტერაქციული წარმოდგენის ხასიათი ექნება, სადაც თითოეული სტუმარი ზაქარია ფალიაშვილის ეპოქალური ბოჰემის მონაწილე გახდება და, რაც მთავარია, „უთქმელის გახსენებაში” საკუთარ წვლილს შეიტანს. თეატრალიზებულ წარმოდგენას მუსიკალურად გააფორმებენ მევიოლინე ქეთევან თავშავაძე, პიანისტი მაია ჯინჭველაშვილი და მარინე ყიფიანი და ფლეიტისტი ია ბახტაძე.

 

ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი

10:00 – 21:00 – ექსკურსიები ყოველ საათში ერთხელ

საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროგრამები:
– ილია ჭავჭავაძე – ეპოქა და გამოწვევები;
– ოლღა გურამიშვილი;
– სტამბა და გაზეთი ივერია;
– ხუთშაბათობები და ეპოქა;
– წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

21:00 – 01:00 – ღამე მუზეუმში
თეატრალიზებული წარმოდგენა, საჯარო დისკუსია – „პასუხის პასუხი“.
თეატრალიზებული წარმოდგენა „საჯარო დისკუსია „პასუხის პასუხი“ ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის ეზოში აუზის ირგვლივ გაიმართება. ერთი შეხედვით, მხოლოდ გარემოსთან მისადაგებული დეკორაცია დისკუსიის მსვლელობის დროს წარმოდგენის მთავარი გმირი გახდება. სტუმრები და მასპინძლები ერთად დავიწყებთ „უთქმელის თქმას“. საღამოს ფონად გასდევს ანანო სიხარულიძის კომპოზიცია, რომელიც მარო მაყაშვილის ლექს „წეროების“ მიხედვით შეიქმნა.

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

10:00 – 21:00 – ექსკურსიები ყოველ საათში ერთხელ
საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროგრამები:ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური ნივთების გამოფენა;
საგანმანათლებლო პროგრამა – „ცისა ფერს“;
„რომანტიზმი“;

21:00 – 01:00 – ღამე მუზეუმში
თეატრალიზებული წარმოდგენა – „ცისა ფერს“
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი იწვევს სტუმრებს, მონაწილეობა მიიღონ მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული სალონის აღდგენა-გაცოცხლებაში თეატრალიზებული წარმოდგენის ფარგლებში „ცისა ფერს“. მონაწილეები და სტუმრები ერთად აღადგენენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქას, გააცოცხლებენ პერსონაჟებს და სიტუაციებს; სტუმრებს საშუალება ექნებათ, სალონის უშუალო სტუმრები იყვნენ და ჩაერთონ დისკუსიაში. წარმოდგენაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუმარსა და დამთვალიერებელს. ღონისძიების მასპინძლები ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის თანამშრომლები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების „პოეზიის აფთიაქი“ იქნებიან.