შეხვედრა მომღერალ იმერი კავსაძესთან

18359354 999190720214306 2614719143376746586 o - შეხვედრა მომღერალ იმერი კავსაძესთან

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 5 მაისს გაიმართა შეხვედრა ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებების ინტერპრეტატორთან, მომღერალ იმერი კავსაძესთან. იმერი კავსაძე – საოპერო მომღერალი, ლირიკული ტენორი, 1937 წლის 16 ივლისს დაიბადა ქ. თბილისში. 1955 წელს თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“ (პედაგოგ ა. აგლაძე-ჩიჯავაძის კლასი) დაამთავრა. მისი დებიუტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1961 წელს, ვერდის ოპერით „ტრავიატა“ შედგა, სადაც მან ალფრედის პარტია შეასრულა. 1964 წლიდან იმერი კავსაძე ქალაქ გორკის (ნიჟნი ნოვგოროდი), პუშკინის სახელობის ოპერისა და ბალეტის წამყვანი სოლისტია, 1991 წლიდან კი, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საოპერო თეატრის სოლისტი, სადაც მისი დებიუტი შედგა ისმაელის პარტიით ვერდის ოპერაში „ნაბუქო“. იმერი კავსაძეს შესრულებული აქვს ლირიკული ტენორის თითქმის ყველა წამყვანი პარტია. მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის ოპრებში  აბესალომი, ოპერაში „აბესალომ და ეთერი“, მალხაზი, ოპერაში „დაისი“. დაჯილდოებულია საერთაშორისო პრემიით “Foyer des artistes” ოქროს მედლით.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გამართულ საღამოზე იმერი კავსაძის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული არიების ჩანაწერები და მისი შემოქმედებითი ცხოვრების (53 წელი სცენაზე, 60-მდე პარტია) ამსახველი ვიზუალური მასალა იყო ნაჩვენები. შეხვედრას ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, მომღერალი ელდარ გეწაძე და მუზეუმის ექსპოზიციის მენეჯერი, მუსიკოლოგიის დოქტორი თამარ წულუკიძე წარუძღვნენ და ისაუბრეს იმერი კავსაძის შემოქმედებაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერების სცენურ ცხოვრებაში. ასევე სიტყვით გამოვიდნენ იმერი კავსაძის კოლეგები, ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე (მომღერლის ძმა), რომელმაც კავსაძეების „მომღერალი ოჯახის“ შესახებ ისაუბრა და ექსპრომტად, „მრავალჟამიერი“ შეასრულა. საღამოს დასასრულს, მომღერლებმა ელდარ გეწაძემ და ანზორ ხიდაშელმა შეასრულეს არია ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“.