ივანე ასკურავა (1917-2002)

17359055 963488480451197 434109906610174768 o - ივანე ასკურავა (1917-2002)

ივანე ასკურავა (1917-2002) საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თეატრალური მხატვარი.

1933-1939 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, რომელსაც ხელმძღვანებლობდა პროფ. ვალერიან სიდამონ-ერისთავი. ხატვის კლასი მიჰყავდათ პროფ. ა. შარლემანს და ს. ქობულაძეს. 1939 წელს დაიცვა დიპლომი პროფ. მოსე თოიძის ხელმძღვანელობით.

1940 წლის 2 იანვრიდან ვ. სიდამონ-ერისთავის მიწვევით მუშაობას იწყებს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მხატვარ-დამდგმელად.

1941 წელს გააფორმა პირველი სპექტაკლი-ოპერა “რახილი”, რომლის დადგმაც განახორციელა სამამულო ომის დროს კიევიდან ევაკუირებულმა ცნობილმა მომღერალმა კიპარენკო-დამანსკიმ.

თავისი ხანგრძლივი შემოქმედების მანძილზე მან გააფორმა ორასამდე დრამატული, საოპერო და საბალეტო სპექტაკლი. მას უმუშავია ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: ა. წუწუნავა (“დაისი”, “დემონი”), ვ. ყუშიტაშვილი (“იულიუს კეისარი და კლეოპატრა”), ა. ჩხარტიშვილი (ოპ. ოტელო, მარინე), ვ. ტაბლიაშვილი (“დარეჯან ცბიერი”, “ტოსკა”, “რიგოლეტო”, “ტრუბადური”, “აბესალომ და ეთერი” და სხვა), მ. კვალიაშვილი (“ტრუბადური”, “პიკის ქალი”, “ფაუსტი”, “ლატავრა” და სხვა), ჰ. ვედეკინგი (ფაუსტი), გ. ჟორდანია (ტარას ბულბა, განდეგილი), გ. მელივა (ქაჯანა, ბროილს ქოში), გ. გაჩეჩილაძე (“ქეთო და კოტე”, “აბესალომ და ეთერი”, “ფაუსტი”, “რიგოლეტო” და სხვა).

მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დიდ ბალეტმეისტერთან ვახტანგ ჭაბუკიანთან თანამშრომლობას. ივანე ასკურავამ გააფორმა მისი თითქმის ოცამდე საბალეტო სპექტაკლი (“მთების გული”, “ჟიზელი”, “ლაურენსია”, “გორდა”, “მშიდობისათვის”, “დემონი”, “ვალპურგის ღამე” და სხვ.).

გაფორმებული აქვს სპექტაკლები საქართველოს ფარგლებს გარეთაც: კუიბიშევში (ბაიადერა), ქ. სეგედში (უნგრეთი) (ოტელო), მაიკოპში (ბებია და შვილიშვილი), ერევანში (დაისი). მისი გაფორმებით დაიდგა სპექტაკლები საქართველოს მრავალი ქალაქის სცენაზე: ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში და სხვა. 1966წ. ქუთაისის საოპერო თეატრი გაიხსნა მის მიერ გაფორმებული სპექტაკლით “აბესალომ და ეთერი”.

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებში ივანე ასკურავას არაერთი ნამუშევარია დაცული.  2017 წლის 16 მარტს სწორედ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ზ. ფალიაშვილის ცნობილი ოპერის საიბულეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე  ი. ასკურავას მიერ შესრულებული ესკიზები გამოფინება.