ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიციის გახსნა

6 - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიციის გახსნა

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი დამთვალიერებლისათვის ერთი თვის მანძილზე იყო დახურული.

ამ პერიოდში გარემონტდა შენობა, ჩატარდა 4565-ვე ექსპონატის აღწერა. განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, საბალეტო ვარსკვლავის 107-ე დაბადების დღეს გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში, პირველად გამოიფინა დიდი ქართველი ბალეტმეისტერის სასცენო კოსტიუმები და აქსესუარები ისეთი წარმატებული სპექტაკლებიდან, როგორებიცაა „წითელი ყაყაჩო”, „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით”, „ოტელო”, „რაიმონდა”, „ლაურენსია”, „ტარას ბულბა”, „კორსარი”, „კარმენი”, „დონ-კიხოტი”, „ბაიადერა” და სხვა.

ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია, მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ია მაქაცარია ესწრებოდნენ მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

კომპოზიტორი შალვა დავითაშვილის ოჯახმა გახსნის ოფიციალური ნაწილის დასასრულს გაასაჯაროვა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმს პირად არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერს გადასცემს, რომელზეც დატანილია ბალეტმაისტერის ინტერვიუ და სრული ვერსია ფილმი-ბალეტისა „ლაურენსია”.