თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატულ-მემორიალურ სახლ-მუზეუმში არჩილ ცანავამ მუზეუმის ფონდისათვის მუდმივ სარგებლობაში გადასცა ბაბუის, არტემონ გოლეთიანის ოჯახური რელიქვია, სამუზეუმო მნიშვნელობის უნიკალური გამოცემა, ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ – წიგნი, 1879 წელს გამოცემული, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გამომცემლის არშაკ პავლეს ძე საფაროვის (საფარიშვილის) მიერ. წიგნი დაიბეჭდა 1879 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გამომცემლის, ექვთიმე ხელაძის სტამბაში, თბილისში, სადაც პერიოდულად იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული გაზეთი „ივერია“.
არტემონ გოლეთიანი დაიბადა ცაგერის რაიონის სოფელ ნაკურალეში. დაამთავრა კიევის აკადემია, მსახურობდა ქუთაისში სახელმწიფო ბანკის მმართველად. ქუთაისიდან სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში ფინანსთა მინისიტრის, ზვერევის მოადგილედ. 1949 წელს გარდაიცვალა სამუშაო კაბინეტში გულის შეტევით.
დავით ხელაძე (1887-1957) – ქართველი მესტამბე, გამომცემელი; პარიზის ქართული სტამბის დამაარსებელი. დაიბადა ქუთაისში. მუშაობდა ასოთამწყობად ადგილობრივ სტამბაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და საგამომცემლო საქმიანობა პარიზში განაგრძო. გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა“ (1931 წ.), კონსტანტინე კანდელაკის წიგნი „ეკონომიური კრიზისი“ და ლეისპირელის (პავლე სარჯველაძე) ლექსები (1932 წ.), შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბალმონტისეული რუსული თარგმანი (1933 წ.). 1930-იან წლებში ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა ეროვნულ-დემოკრატთა ჟურნალი „სამშობლო“, გრიგოლ ფერაძის „ჯვარი ვაზისა“. ასევე ალექსანდრე ასათიანის წიგნი „ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები“, სტეფანე კასრაძის რომანი „თარი-არალე“, დავით ვაჩნაძის „კავკასიის პრობლემა“ (რუსულ ენაზე) და ნოე ჟორდანიას „სოციალიზმის სირთულეები“ (ფრანგულ ენაზე), თამარ პაპავას „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“, ანჩინის (აკაკი ჩხენკელი) „სახელმწიფო და ერი“, 1944 წელს — ქართველი ლეგიონერებისათვის განკუთვნილი მინიატურული „ვეფხისტყაოსანი“, 1948 წელს — შალვა სკამკოჩიშვილისა და მირიან მელუას „ქართულ ლექსიკონი“, ჟურნალის „ბედი ქართლისა“ და სხვა გამოცემები. დავით ხელაძე გარდაიცვალა ჟენევაში 1957 წელს. დაკრძალეს იქვე, წმ. გიორგის სასაფლაოზე; 1958 წელს გადაასვენეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.