(+995 32) 2305 001

ჟურნალი ,,ცისკარი” და პირველი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი ,,გუთნის დედა”

  • 16

    01/18

  • ჟურნალი ,,ცისკარი” და პირველი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი ,,გუთნის დედა”

    1852 წელს გიორგი ერისთავმა თბილისში პატარა, ქართული სტამბა გახსნა, სადაც ჟურნალ ,,ცისკარს” გამოსცემდა.  სამწუხაროდ, ჟურნალი მალე დაიხურა და სტამბაც დაიკეტა. გიორგი ერისთავის შემდეგ ივანე კერესელიძე (1829-1892) ჩაუდგა სათავეში. ჟურნალი 1857 წლის პირველი იანვრიდან გამოიცემოდა 1863 წლამდე და ქართულ ენაზე ნაბეჭდი ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა იყო. ივანე კერესელიძემვე დაარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი ,,გუთნის-დედა”, რომელიც ჟურნალ ,,ცისკარის” დამატება იყო.

    ივ. კერესელიძის ,,ცისკარი” პრინციპულად განსხვავდებოდა წინანდელი გამოცემებისაგან. ივანე აქტიურად ედგა სათავეში  ქართული წიგნის პროპაგანდას, ეწეოდა საზოგადოების ინფორმირებას ჟურნალის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში.

    ჟურნალის მნიშვნელობის შესახებ გაზეთი ,,ივერია” ასე წერდა: ,,ცისკრის” დაარსებით ,,ჩვენი ცხოვრების ახალი ხანა დაიწყო, როდესაც საზოგადოება და მწერლობა მოქმედებას
    იწყებს მხოლოდ თავის გულით და თავის იმედით და არა სხვის მოლოდინით”.

    ჟურნალი საქართველოს ყველა კუთხეში ვრცელდებოდა და თანაბრად აშუქებდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცხოვრებას. იგი, შეიძლება ითქვას, სრულიად საქართველოს პირველი ბეჭვდითი დაწესებულება იყო და დიდ როლს ასრულებდა საერთო ეროვნული შეგნების გამომუშავებასა და განმტკიცებაში. ჟურნალს მეტი ტირაჟით ბეჭდავდა, ვიდრე დაკვეთილი ჰქონდა და ზედმეტ ეგზემპლარებს უფასოდ ურიგებდა ხალხს. იმ გამოცემებს, რომლებშიც დანიელ ჭონქაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისსა და სხვათა ნაწერები იყო გამოქვეყნებული, ორმაგი და სამმაგი ტირაჟით გამოდიოდა. უფასოდ გზავნიდა ჟურნალს მთიან რეგიონებსა და თურქთაგან დაპყრობილ მესხეთ-აჭარაში.

    პეტრე უმიკაშვილი წერდა: ,,ცისკრის” გამოსვლა ჩვენის ლიტერატურის ბნელ ცაზე მართლა დილის წინამორბედს ცისკრის ვარსკვლავსა ჰგავს”-ო.

    ხელისუფლება და მისი მსახურნი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ქართულ ჟურნალს არსებობა შეეწყვიტა. ივანე კერესელიძე ცდილობდა შეენარჩუნებინა ჟურნალი. ცნობილია, რომ ის საკუთარ ქონებას ახმარდა ,,ცისკარს” თვითონ აწყობდა, ბეჭდავდა. წერდა ,,მოლაყბის” ფსევდონიმით.

    1859 წელს ივანემ სტამბა საკუთარი სახლის ფლიგელში განათავსა, ალექსანდრეს ქუჩაზე (ამჟამად ნინოშვილის №13-ში). მოძველებული საბეჭდი დაზგა ხშირად ფუჭდებოდა, მესამე წელს კი დაიმსხვრა. ივანემ კვლავ მოახერხა და დაზგა ისე ააწყო, რომ მან ორი-სამი თვე კიდევ იმუშავა. 1861 წელს ჟურნალი კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. მთავრობისაგან შემწეობის მოსაპოვებლად ივანემ განიზრახა, ,,ცისკართან” ერთად გამოეცა ახალი სასოფლო-სამეურნეო ორგანო – ჟურნალ ,,ცისკარის” დამატება – ,,გუთნის-დედა” და ამ გზით მიღებული თანხა ორივე რედაქციისათვის გამოეყენებინა.  იოსებ მამაცაშვილის დახმარებით, მთავრობამ ,,გუთნის-დედის” გამოსაცემად, ივანეს მართლაც დაუნიშნა 1200 მანეთი და გამომცემლობამ არსებობა განაგრძო.

    ,,გუთნის დედა”ანუ ,,ადგილმამულის მართვის ფურცელი” პირველი ქართული აგრონომიული გაზეთის დაარსების თარიღად  1862 წლის 1 იანვარი მიიჩნეოდა და თვეში ორჯერ გამოდიოდა. მის ფურცელზე იბეჭდებოდა 60-70-იანი წლების საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ამსახველი ვრცელი მასალები, მთავრობის განკარგულებები, ეკონომიკის საკითხები, სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებები, რჩევები, სახელმძღვანელო სტატიები და თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან.

    ,,მრთელის ხალხში დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილ-მამულის მართვის წარმოებასა. ადგილ-მამულის მართვა არის უპირველესი და უმთავრესი საგანი კეთილ მდგომარეობისათვის
    მრთელის ხალხისა. ეს არის ის იმედი, რომლითაც ყოველი სახელმწიფო მოელის აღყვავებასა.” წერდა კერესელიძე.

    ივანე კერესელიძის ამ ,,ერთ ბეწვა სტამბას” ნიკოლოზ ბერძენიშვილი ასე აღწერდა: ,,…პატარა ოთახი, ორი ვიწრო ფანჯრით მკრთალად გაშუქებული, იტევს სტამბას მისი მოწყობილობით. ვაი-უბედურებით მოჭუჭყულად არც თუ ახალი მოწყობილობისა და მტკიცე სიმაგრის საბეჭდი დაზგაც, რომელიც მუშაობისას საბრალო ჭრიალს გამოსცემს, საღებავის ასაზელი მაგიდაც, შრიფტის კასაც და მუშებიც, ორი თუ სამი… ახალგაზრდა, ცოცხალი ბიჭები, რომლებიც აქაც ისევე გულმოდგინედ ფართიფურთობენ, როგორც ერთი წლის წინ ვენახებში ვაზებთან… განა ამ ბიჭებს შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ ბედი… გუტენბერგის ხელოვნების ტაძარში მოიყვანდათ?… ადამიანები, რომლებიც მებაღეებად, მევენახეებად ემზადებოდნენ, მოხვდნენ წყნარ, მაგრამ მათთვის მეტად უცნაურ წიგნისმბეჭდაობის სახელოსნოში.”

    1870-იანი წლებისთვის სტამბა, ძირითადად, ,,ცისკრისა” და ,,გუთნის-დედის” გამოცემით იყო დაკავებული. ხელისმომწერთა რაოდენობა მკვეთრად მცირდებოდა და უფრო და უფრო ძნელდებოდა სტამბის ფუნქციონირების საქმეც. საბოლოოდ, ივანე იძულებული გახდა სტამბა მოწაფისთვის, ექვთიმე ხელაძისთვის მიეყიდა 1973 წელს. ამ უკანასკნელმა კი, სტამბა ბებუთოვის სახლში განათავსა ხანის (ამჟამად გ. ტაბიძის) ქუჩაზე. 1873 წელსვე ,,გუთნის-დედა” გადავიდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მმართველობაში. გაზეთის
    რედაქტორებად დაინიშნენ ანტონ ფურცელაძე და აგრონომი ა. ვართანოვი. ამ დროიდან ,,გუთნის-დედა” გამოდიოდა ქვესათაურით – ,,სამეურნეო გაზეთი”. გაზეთმა 1876 წლამდე იარსება.