მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი

მერაბ კოსტავა (1939-1989 წწ.) – ეროვნული გმირი, ქართველი  დისიდენტი, მუსიკისმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არაერთ სფეროში სცადა თავისი ძალები. იგი იყო იშვიათი მონაცემების მქონე პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი და პოეტი. იყო ბეთჰოვენის, შოპენის, გრიგის, ვაგნერის და შუბერტის უბადლო შემსრულებელი. დიდი გემოვნების მქონე მუსიკალური შემფასებელი კლასიკურ მუსიკას ფილოსოფიასთან განუყრელ კავშირში განიხილავდა. განსაკუთრებით უყვარდა ქართული სიმღერა და საგალობლები, დიდ პატივს სცემდა წინაპართა მუსიკალურ მემკვიდრეობას, თავადაც ეძიებდა მათ და ეწეოდა  ქართული მუსიკალური კულტურის  პოპულარიზაციას.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს,  ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესსეებს. თარგმნიდა  ცნობილი მწერლების  ფილოსოფიურ ნაწარმოებებს.  ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია – დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის.

მაშინ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ იდევნებოდა და ითრგუნებოდა სულიერების, ეკლესიური ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინება, მერაბ კოსტავა უშიშრად და დაუფარავად ესწრებოდა ტაძარში აღსრულებულ ღვთისმსახურებას. სწორედ ჭეშმარიტების ძიების პროცესში წარმოიშვა  მერაბ კოსტავას დისიდენტობა. მას კარგად ესმოდა, რომ ქრისტიანობა დროის მიღმაა, მარადიულია, ხოლო პიროვნების თავისუფლებას – ერის თავისუფლებისგან მოუწყვეტლივ განიხილავდა.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და  ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მოკლე ინფორმაცია

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

1991 წელი

მუზეუმის ტიპი:

მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა:

10 763

მუზეუმის ფართობი:

49 კვ.მ

ისტორია


  • მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი   პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა  ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.

    სახლი ზანდუკელის ქუჩაზე,  მერაბის ბაბუას – გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, რუსული ენის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორს – ვლადიმერ დემურიას ეკუთვნოდა.

    სახლის ეზოსთან არაერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. აქ 1924 წელს პირველი სახელმწიფო-საზოგადოებრივი დაწესებულება – „მთიელთა საბავშვო სახლი“ დაარსდა. მოგვიანებით კი, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა განთავსდა. ეზო თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ცენტრად იქცა, სადაც მუშაობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები, ფილოლოგები, ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, პედაგოგები და სხვა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ეზო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ეპიცენტრად იქცა და დღემდე „მერაბის ეზოდ“ მოიხსენებენ.

    სახლ-მუზეუმს გახსნის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე (2003 წლამდე) ხელმძღვანელობდა მერაბ კოსტავას დედა – ოლღა დემურია-კოსტავა, რომელმაც საკუთარი ბინის ნაწილი – ორი ოთახი სახელმწიფოს  მემორიალური სახლ-მუზეუმის გახნის მიზნით გადასცა.

    მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური  მასალა, პირადი წერილები, მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა.