კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი

კოტე წერეთელი (1921-2004 წწ.) – ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებელი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960 წ.) კოტე წერეთელი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. მისი ინიციატივით, 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში. 1994 წელს  განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. არამეულ დიალექტოლოგიაში მისმა შრომებმა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი. კოტე წერეთელი არამეული დიალექტოლოგიის მამამთავრად ითვლება. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს.

სოსო წერეთელს (1958-1983 წწ.) საზოგადოება იცნობს  როგორც „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთ წევრს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სოსო წერეთელმა თავისი ცხოვრების 25 წლის ასაკში, საბჭოთა რეჟიმისა და თითოეულ შემოქმედებით პიროვნებაზე დიდი წნეხის პირობებში თავისუფლებისადმი დიდი ლტოლვა შემოქმედებაში – ფერწერასა და გრაფიკაში გამოხატა. მან შექმნა ფერწერული ტილოები რელიგიურ თემაზე იესო ქრისტეს გამოსახულებით.

მოკლე ინფორმაცია

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

2003 წელი

მუზეუმის ტიპი:

მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა:

5000-ზე მეტი

მუზეუმის ფართობი:

108.70კვ/მ

ისტორია


  • მუზეუმის დაარსების შესახებ მთავრობის პირველი დადგენილება (N06.40.133)  2003 წლიდან არსებობს. 2011 წელს კი სოსო წერეთლის დედამ – ლეილა წერეთელმა თავისი უძრავი ქონება ქალაქ თბილისის თვითმართველობას უსასყიდლოდ გადასცა. („საქართველოს  დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 28.03.11 წელი N 07.24.251 დადგენილების საფუძველზე ხელშეკრულება, რომლის მიხედვით  ბინა გადაეცა  ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს  ააიპ – მხატვარ სოსო წერეთლისა და აკადემიკოს კოტე წერეთლის მემორიალური მუზეუმის ფუნქციონირების შენარჩუნების პირობით).

    კონსტანტინე წერეთელმა 1959 წელს მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით მიიღო ბინა ქ. თბილისში, უზნაძის N 2-ში  და   ამ დროიდან მოყოლებული, წერეთლების ოჯახი ამ ბინაში ცხოვრობდა. მუზეუმში არსებული ექსპონატები მხოლოდ ოჯახის კუთვნილ ნივთებს წარმოადგენს.

    მუზეუმში დაცულია თავისუფლებისთვის მებრძოლი მხატვრის, სოსო წერეთლისა და  ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, კონსტანტინე წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ხელნაწერები, ფოტომასალა, სხვადასხვა დოკუმენტები, სოსო წერეთლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა (ფერწერა, გრაფიკა, ჩანაწერები), კოტე წერეთლის ბიბლიოთეკა, როგორც მისი ნაშრომები, ასევე აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის იშვიათი გამოცემები.