(+995 32) 2305 001

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907 წწ.) – ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად,  სახელით – ილია მართალი.

 

ილია ჭავჭავაძისათვის მწერლობა სოციალური სტატუსი იყო, რომელსაც საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემის შესაქმნელად და მათ მორალურად წარსამართად იყენებდა. „ღმეთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“ – ამბობდა ილია. იმდროინდელ საქართველოში საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება პერიოდული პრესა იყო და ილიამაც მთელი თავისი ნააზრევი, სამომავლო გეგმები ჯერ თავისი რედაქტორობით გამომავალი ჟურნალ „საქართველოს მოამბის“, მერე კი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებიდან მიაწოდა ქართველობას. XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, სწორედ „ივერიას“ ხვდა წილად უდიდესი ისტორიული მისია – სათავეში ჩადგომოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ  მოძრაობას და ებრძოლა სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ, მოეხდინა ქართველი ხალხის სულიერი და ინტელექტუალური დონის ამაღლება, ერის კონსოლიდაცია.

 

ილია ჭავჭავაძე ისეთი ლიბერალური და დემოკრატიული შეხედულებებით გამოირჩეოდა, როგორიცაა ადამიანთა უფლებების დაცვა, თანასწორობის პრინციპი, სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება და სხვა. ამასთანავე, მისთვის ის ჰუმანური ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ყველა ეპოქის სამოქალაქო საზოგადოებისათვის, ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა.  ილია ჭავჭავაძის მიერ დანერგილი იდეოლოგია და საზოგადოებრივი პროცესები იმ პერიოდის ევრო-ამერიკული პროცესების ადეკვატური იყო.

 

მოკლე ინფორმაცია

მუზეუმის ტიპი:

ლიტერატურულ-მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა:

14375 ერთეული

მუზეუმის მთლიანი ფართი:

1643, 26 კვ.მ. (- 1274 კვ.მ.)

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი:

1018 კვ.მ.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი:

346 კვ.მ.

შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი:

72 კვ.მ.

მუზეუმის შენობების სტატუსი:

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2007 წლის 1 ოქტომბრის N 3/181 ბრძანება)

ისტორია


  • მუზეუმი თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1982 წლის 30 დეკემბერს დაარსდა. ოქტომბრის რაიონში კალინინის ქ. N 7-ში (ახ. ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7) მდებარე შენობის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით – მთლიანად შენობა, გადაეცა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. სახლ-მუზეუმი საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე გაიხსნა 1957 წლის 3 აგვისტოს. მის ბაზაზე ახლანდელი მუზეუმი საზეიმოდ 1987 წლის 27 ოქტომბერს, მწერლის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა. 1988 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს განკარგულების თანახმად მუზეუმს ეწოდა ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

     

    1888-1901 წწ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე  მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. ამასთან, აქ იყო მოთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.

    ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი – გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N 22. ილია ჭავჭავაძემ საკუთარი გემოვნებით მიაშენა სახლს წინა ორი ოთახი (არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი). ილია აქ მეუღლესთან ერთად 1902-1907 წწ. ცხოვრობდა. ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის განსაკუთრებული გააქტიურება და ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.

     

    შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი 1970 წლის 9 ივლისს, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულების საფუძველზე დაფუძნდა, გაიხსნა 1974 წლის 30 მარტს, მისამართზე: გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N 13ა.

    მწერალი, ქართული ფსიქოლოგიური ნოველის ფუძემდებელი, შიო არაგვისპირელი (1867-1926 წწ.) მეუღლესთან, ცნობილ პედიატრთან, მარიამ ბაქრაძესთან და შვილებთან ერთად ამ სახლში 1902-1926 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მწერალს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921 წწ.).

     

    მუზეუმში დაცულია  ილია ჭავჭავაძისა და  შიო არაგვისპირელის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მათი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.