ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

ზაქარია ფალიაშვილი  (1871-1933 წწ.) – ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი, გუნდის მომღერალი, ხალხური მუსიკის შემკრები.

ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, რომელმაც იმ დროის ქართული მუსიკის პროფესიონალიზაცია მოახდინა და ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუში შექმნა. მისი ოპერები ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’ ქართული მუსიკალური ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. მან   ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური და სტილისტური თავისებურებების ფორმირებაში ფუძემდებლური როლი შეასრულა.

ზაქარია ფალიაშვილმა ქართული ოპერის სამი ტიპი შექმნა: მონუმენტური ოპერა ,,აბესალომ და ეთერი’’, ლირიკულ-დრამატული ,,დაისი’’ და გმირულ-პატრიოტული ,,ლატავრა’’. მანვე ჩაწერა და დაამუშავა 300-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, მისი როლი ასევე დიდია ქართული საგალობლების გადამუშავების საქმეში (,,წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის ლიტურგია’’ – შედგება 22 საგალობლისგან).

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და თბილისის მუსიკალურ ათწლედს ზაქარია ფალიაშვილის სახელი 1937 წელს  მიენიჭა. მისი სახელობისაა ქუჩები თბილისსა და  ქუთაისში. ზაქარია ფალიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში არის დაკრძალული. მის საფლავს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ქანდაკება ამშვენებს.

მოკლე ინფორმაცია

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

1959 წელი

მუზეუმის ტიპი:

მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა:

4368 ერთეული

მუზეუმის ფართობი:

460 კვ/მ

ისტორია


  • ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი და პირველი ექსპოზიცია 1962 წლის 2 ოქტომბერს, სიმბოლურად, კომპოზიტორის  გარდაცვალების დღეს, საზეიმოდ გაიხსნა.

    დიდი ქართველი კომპოზიტორი, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლად აღიარებული, ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი 1915 წლიდან 1933 წლამდე – გარდაცვალებამდე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში, ბაქრაძის ქუჩა N 10-ში. ამ სახლთან მისი ცხოვრებისა და   შემოქმედების დიდი ნაწილი არის დაკავშირებული.

    მუზეუმის დაარსების შესახებ პირველი დადგენილება 1959 წლიდან არსებობს. ბინაში კომპოზიტორის ძმისშვილი (რომელსაც ზაქარია ფალიაშვილმა ბინა და მნიშვნელოვანი ნივთები ანდერძით დაუტოვა) და სხვა ნათესავები ცხოვრობდნენ, რომლებმაც კეთილი ნების საფუძველზე ბინა მუზეუმს გადასცეს.

    კოლექციებზე ზრუნვა მუზეუმის დაარსებისთანავე დაიწყო. ექსპონატების ნაწილი ახლო ნათესავებისგან  შეისყიდეს, ზოგიც, მუზეუმს საჩუქრად გადმოეცა. მასალა შეგროვდა კერძო პირებისგან, სხვადასხვა დაწესებულებებიდან, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიდან, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან და სხვა.

    მუზეუმში დაცულია  ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების (,,აბესალომ და ეთერი”, ,,დაისი”, ,,ლატავრა”) პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა.

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის N 3/181 ბრძანება).